• Ƀ/$

შავ ზღვაზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას გააღრმავებს

5 დეკემბერი 10:40, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ 4 დეკემბერს საქართველოსთან და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად.


სხდომაზე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს სრული მზაობა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისკენ.


აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება 2019 წლის მარტში საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას. შეხვედრაზე მხარეების მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აზოვსა და შავ ზღვებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.


ალიანსის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ალიანსს შორის ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც აისახა ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში და გულისხმობს მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალების მონაწილეობით და სხვა. საქართველომ გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს ღონისძიებებში.


ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს როგორც ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში; საქართველო წარმოადგენს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის და პირველ ადგილზეა აღნიშნული მაჩვენებლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.


მსგავს თემაზე:

NATO-ს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ტემპები და მასშტაბები


ფინეთი რუსეთს ნატოს წვრთნების დროს GPS თავდასხმაში ადანაშაულებს



სხვა სიახლეები