• Ƀ/$

ანაკლიის კონსორციუმი “საუკუნის პროექტის“ პირველი წლის ანგარიშს აქვეყნებს

13 დეკემბერი 17:28, 2018 წელი | კომპანიები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და „ანაკლია სითიმ“ ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.

„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი ფინანსური ინსტიტუტების და გავლენიანი წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას“, - განაცხადა ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.


შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, როგორი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წელი, როგორ ვითარდება საუკუნის პროექტი და როგორია სამომავლო გეგმები.


„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75% შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდის საქართველოში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.


გარდა ამისა, შეხვედრაზე 2019 წლის გეგმებზეც ისაუბრეს. იანვარში სრულდება ტენდერი, რომელშიც წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ და მალე ცნობილი იქნება ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა.


„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება აბსოლუტურად ინტეგრირებული სხვადსახვა სატრანსპორტო საშუალებებთან. აქ ერთმანეთს დაუკავშირდება პორტი, რკინიგზა, გზა და ის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ოპერაციული კუთხით. ეს იქნება პირველი თანამედროვე და ერთიანი თავისუფალი საბაჟო ზონა, რომელიც იდეალურ პლატფორმას შესთავაზებს კლინეტებს ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რე-ექსპორტის წარმოებისთვის“, - აღნიშნა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.


კონსორციუმის ინფორმაციით, პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.


პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტ თანამედროვე გიგანტური ამწეებით აღიჭურვება


BSTDB-ის პრეზიდენტმა ანაკლიის განვითარების კონსურციუმის დირექტორთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა



სხვა სიახლეები