• Ƀ/$

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა

10 იანვარი 10:39 | ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება, ხოლო  საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1%-ს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი თქმით, „მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით. მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა.“


მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისში აქვეყნებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019  წლებისთვის 0.8 და 0.2  პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.


მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. ამასთან, აღსანიშნავია რომ  2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა  მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.


საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წელს გახდა. 27-წლიან პერიოდში 100-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და განხორციელებულმა ინვესტიციებმა $4.3 მლრდს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი გადადგა


შავი ღრუბელი გლობალური ეკონომიკის თავზე



სხვა სიახლეები