• Ƀ/$

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

4 თებერვალი 15:09 | ეკონომიკა

თბილისის  მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა. მერის განმარტებით უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. 

„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის  ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის  ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და  სადგურების მოწესრიგების მიმართულებით.


დღეს მეტროს ერთი ახალი შემადგენლობა დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ მაგალითად, პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეს 3 წუთია და გვინდა, ეს მაჩვენებელი 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ორიოდე კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო ახალი შემადგენლობა დაემატება და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


დღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე  დამატებით ერთი - ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე - სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.


ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და  მასში დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა; კაბინები, ასევე, აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით;   შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები შეიცვალა დიოდური სანათებით; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; მოძველებული მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით; განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.


მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.


მსგავს თემაზე:

შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ლილომდე მეტროს გასაყვანად გამოიყენებენ


თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება


8 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


ლილოს მეტროზე ტენდერი ცხადდება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი