• Ƀ/$

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რომელიც C ჰეპატიტს დაამარცხებს

11 თებერვალი 16:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - "მიღწევები ელიმინაციის გზაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა C ჰეპატიტის დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.


მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი  მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.


პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.


„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება  წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს  C ჰეპატიტს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


სხვა სიახლეები