• Ƀ/$

გიორგი ცუცქირიძე: „არ მგონია ვინმე თი ბი სი ბანკის „ჩაძირვას“ აპირებდეს“

ექსკლუზივი
14 თებერვალი 20:56 | ინტერვიუ

თიბისი ბანკის ტოპმენეჯერების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს M2B-სთან საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მიმოიხილავს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არანაკლები სიმწვავის დავები საქართველოზე გაცილებით დემოკრატიულ ქვეყნებში არაერთი ყოფილა, მათ შორის მაღალი რეპუტაციის სისტემფორმირებად ბანკებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის, და ამას, მისივე თქმით, ეკონომიკა არ დაუქცევია.


მთავარია, პროცესი სამართლებრივად რამდენად სწორ მეინსტრიმში იქნება გადატანილი, მათ შორის როგორი იქნება ინფორმირებულობა და პირველ რიგში პროცესის გაშუქების მედია პოლიტიკა, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


M2B - საქართველოს ეროვნულო  ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს. სებ-ის განმარტებით, ამის  საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. რამდენად მოახდენს შექმნილი აჟიოტაჟი ზეგავლენას თიბისი ბანკზე ამ საკმაოდ მძიმე ბრალდებების ფონზე?


გიორგი ცუცქირიძე: ამ საკითხზე ჩემი პოზიცია მედიასთან ადრეც დავაფიქსირე. რაც ნაკლები იქნება ამ პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა, პროცესის დრამატიზირება და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისათვის, რადგან ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ბანკი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამომდინარე, ხდება დეპოზიტარების თავისებური მძევალი. 2009 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში, მსგავსი პრობლემები ლიმიტების დარღვევის, საგადასახადო თუ ფულის გათეთრების კუთხით მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია, მაგრამ ამას არ გამოუწვევია არც ამ ბანკების გაკოტრება, არც მათი რეპუტაციის შელახვა.


ბუნებრივია, საქმე არის რეზონანსული, რადგან ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საბანკო დაწესებულებას ეხება. რაც შეეხება ფაქტობრივ მხარეს, გეთანხმებით, საქმე აღძრულია საკმაოდ მძიმე ბრალდების მუხლით. ახლა მე არ შევუდგები ამ თემის გაშლას.  რამდენად ატარებდა ეს ოპერაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნებს, ესეც მომავალში გასარკვევი საკითხია, რადგან მოგეხსენებათ, პროკურატურა ბანკის მენეჯმენტს ედავება ამ კუთხით განხორციელებული ოპერაციის კანონიერებას. ან თუნდაც ახლა იმაზე მსჯელობა,  ეს ტრანზაქციები რამდენად კანონიერად განხორციელდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, სანამ პროცესი არ დასრულდება ან სულ მცირე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, მათ შორის ეროვნული ბანკის მხრიდან, გაცილებით დეტალური, თუნდაც, რაც უკვე გატარებულ საზედამხედველო ნაწილზეა ცნობილი. მთავარია, პროცესი სამართლებრივად რამდენად სწორ მეინსტრიმში იქნება გადატანილი, მათ შორის როგორი იქნება ინფორმირებულობა და პირველ რიგში პროცესის მედია პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ეტაპზე პროკურატორამ მხოლოდ დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვა ბანკიდან და ისიც სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე. თავად ბანკმაც გაავრცელა ვრცელი განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ არ ეთანხმება ბრალდების შინაარს, და შესაბამისად, ბანკი დაიცავს თავის ინტერესებს. ბუნებრივია, ბანკს აქვს სრული უფლება მიმართოს სასამართლოს. დღეს როგორი კრიტიკული დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს ქართული მართლსაჯულების მიმართ, არც თუ შორეული ისტორიული მეხსიერებიდან და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს მაინც არ იძლევა ცალსახა დასკვნების გამოტანის საფუძველს, რადგან ბანკს ჰყავს სოლიდური უცხოელი დამფუძნებლები და პარტნიორები და თავისუფლად შეუძლია საქმე საერთაშორისო დონეზე, თუნდაც ევროპულ სასამართლოში გადაიტანოს.


თუ საკითხს უფრო გლობალურად შევხედავთ, არანაკლები სიმწვავის დავები ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულ ქვეყნებში არაერთი ყოფილა, მათ შორის მაღალი რეპუტაციის და სისტემფორმირებად ბანკებსა და მარეგულირებელს (ცენტრალური ბანკი, საგადასახადო ორგანოები)  შორის. მაგრამ ამით არც ამ ბანკების რეპუტაცია შელახულა, არც ეკონომიკა დანგრეულა და არც მეანაბრეები გაქცეულან ბანკებიდან, რადგან არ მიუღია  პოლიტიკური შეფერილობა, არ მომხდარა ინფორმაციის ბლოკირება, და არც პანიკური ფონი შექმნილა. შესაბამისად, არც საზედამხედველო გადაწყვეტილებები დამდგარა ეჭქვეშ, რადგან კანონმორჩილი მოქალაქის ინტერესი დგას ყველაფერზე მაღლა. ნიშანდობლივია,  მარტო 2009-2015 წლებში აშშ-ის და ევროპის წამყვანი 20 უნივერსალური ბანკის მიერ გადახდილი საზედამხედველო მოსაკრებელი, მათ შორის ჯარიმების და საურავების სახით, გადასახადების დამალვის, ლიმიტების დარღვევის თუ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ფინანსური ინფორმაციის დაგვიანების ან დამალვის გამო, გაიზარდა 45 ჯერ, 2009 წელთან შედარებით!


M2B - “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მაინც აქტუალური გახადა ბიზნესის დაცულობის თემა, რამდენად არის დღეს ბიზნესი და პირველ რიგში საბანკო სფერო თავისუფალი და ხომ არ დგას ბიზნესა და მთავრობას შორის კომუნიკაციის პრობლემა?


გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის დაცულობის თემასთან დაკავშირებით, თვალსაჩინოებისათვის, საბანკო სტატისტიკას მოვიყვან. 2018 წლის მიხედვით, უმსხვილესი ორი კომერციული ბანკის (თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი) წილი სისტემის მთლიან აქტივებში 73%-ა, საკრედიტო პორთფელი - 71%-ია, ხოლო წმინდა მოგების წილი სისტემის მთლიანი მოგების საშუალოდ 80%-ს შეადგენდა. მარტო ბოლო 4 წელიწადში – 2015-2018 – „საქართველოს ბანკის“ აქტივების ხვედრითი წილი სისტემურ მაჩვენებელში გაიზარდა 29%–დან 35%-მდე.  თიბისი ბანკის აქტივების ზრდა კიდევ უფრო მაღალი და შთამბეჭდავი იყო, გაიზარდა რა იგივე პერიოდში სისტემურ ჭრილში 23%–დან 37%-მდე ანუ მთელი 14%-ით და ამ კუთხით სულაც ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში. ცალკე საკითხია, თუ რამდენად კარგია ეკონომიკისათვის ბაზრის ასეთი მაღალი კონცენტრაციის მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბანკო სისტემის აქტივები 2012-2018 წლებში  6–ჯერ არის გაზრდილი, ხოლო წმინდა მოგება სულაც 7–ჯერ.


ამ ციფრებიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი ფორმით საუბარი ბიზნესის და კერძოდ, წამყვანი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე“, ზეწოლაზე თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, რაღაც „იუკოსის“ მსგავს სცენარებზე, რაზეც კეთდებოდა აქცენტები, მით უმეტეს თიბისი ბანკზე, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. პირიქით, ასეთი განვითარების პირობები, არც ბიზნესისათვის და არც საბანკო სისტემის ლიდერი ბანკებისათვის არასდროს ყოფილა არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის მართველობის დროს და სწორედ ბოლო წლებს უკავშირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების განთავსებაც. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაც არის ზედმეტად გაბუქებული.


რაც შეეხება კომუნიკაციის გაზრდას. ბიზნესის კომუნიკაცია უნდა გაიზარდოს არა მთავრობასთან, არამედ პირველ რიგში მომხმარებელთან. მთავრობასთან „ახლოს მიჩოჩება“ არის ნონსენსი საერთაშორისო ბიზნესში და რაც ჩვენთანაც მალე დასრულდება, უკეთესი იქნება. ყველაზე კარგი კომუნიკაცია ეს არის მოწესრიგებული კანონმდებლობა და სასამართლო, ხოლო საზოგადოებასთან - სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, რითაც განსაკუთრებით მსხვილი ქართული ბიზნესის არც თუ მცირე ნაწილი,  სამწუხაროდ ვერ დაიკვეხნის.


M2B - რამდენად შეიძლება სისტემფორმირებადი ბანკის  პრობლემები საბანკო სექტორზე გადავიდეს?


გიორგი ცუცქირიძე: სისტემფორმირებადი ბანკი იმით განსხვადება სხვა საბანკო დაწესებულებებისაგან, რომ მას ზეგავლენა აქვს მთელ საფინანსო სექტორზე. საკმარისია საბანკო პანიკა შეიქმნას ამ წონის ბანკის ირგვლივ, მაგალითად ბანკს წარმოექმნას ლიკვიდობის პრობლემები ან  პრობლემები კრედიტორებთან, რომ დომინოს პრინციპით მას მთელი სისტემის ჩამოშლაც კი შეუძლია. ამ შემთხვევაში ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნამდვილად სწორი იყო ეროვნული ბანკის განცხადებაც, რომ თი ბისი ბანკს არა აქვს ლიკვიდობის პრობლემა და არის კარგად კაპიტალიზირებული. სისტემფორმირებადი ბანკიდან თუ დაიწყო დეპოზიტების   გატანა, იგი მთელ სისტემაზე აისახება ნეგატიურად. თუ ამ ტიპის ბანკში წარმოიქმნა პრობლემები, მეანაბრეებისათვის იქნება სიგნალი, რომ პრობლემა სხვა ბანკებშიც გაჩნდება. სისტემური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბაზრის მაღალი კონცენტრაციისას, სისტემფორმირებადი ბანკის ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მომსახურების ამ სპექტრს სხვა ბანკები მოკლე დროში უბრალოდ ვერ გადაინაწილებენ, პირველ რიგში არასაკმარისი კაპიტალის და ტექნოლოგიური პლათფორმის  დროში ადაფტირების პრობლემიდან და სიძვირიდან გამომდინარე. მეორეც, წარმოიქმნება ჯაჭვური რეაქცია სხვა ბანკების ამ ბანკთან არსებული ურთიერთვალდებულებების და ზოგადად ბიზნეს ურთიერთობების ფართო კავშირის გამო, რამაც შეიძლება მიიღოს “დომინოს ეფექტი”.


საბანკო სისტემის ლიკვიდობის პრობლემაც სწორედ სისტემფორმირებადი ბანკიდან „დეპოზიტების გაცევის“ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, რაც შეიძლება გახდეს საბანკო კრიზისიდან ეკონომიკურ კრიზისში გადადინების ფაქტორი.


მიმაჩნია, რომ ამ პროცესის ზედმეტი დრამატიზირებაც არ იქნება სწორი. ნაკლებად  მოსალოდნელია პროცესები ამ მიმართულებით განვითარდეს, რადგან არა მგონია ვინმე თი ბი სი  ბანკის „ჩაძირვას“ აპირებდეს, მით უმეტეს პირველი დღეების აჟიოტაჟი მეტ-ნაკლებად ჩამცხრალია, ხოლო სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი  მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.


აქვე ავღნიშნავ, რომ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია ამითაც არის არასასურველი,  რადგან კრიზისული სიტუაციებისას ნაკლებ ბუფერებს ტოვებს სისტემური ხასიათის რისკების დასაზღვევად. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობის პირობებში.


M2B - საგადასახადო და ფინანსურ დავებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება როგორია?


გიორგი ცუცქირიძე: აშშ-ის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მდიდარი მოქალაქეები მალავდნენ თავიანთ შემოსავლების ნაწილს შვეიცარიის ბანკებში და ამით მალავდნენ რა შემოსავლების ჩვენებას აშშ-ის საგადასახადო ორგანოებში, თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას.


აღსანიშნავია, რომ 2013 წელს აშშ-ის პროკურატურამ გამოაცხადა შვეიცარიის ბანკებთან თანამშრომობის ახალი პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის ბანკებს მიეცათ გარკვეული შეღავათები იმ შემთხვევაში თუ ისინი გასცემდნენ ინფორმაციას თავიანთ ამერიკელ კლიენტებზე. აქ უპირველესად იგულისხმება სისხლის სამართლებრივი დევნის აცილება უმაღლეს მენეჯმენტზე, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში საკმაოდ მწვავე პოლიტიკური დებატები იყო შვეიცარიის პარლამენტში ამერიკული მხარის მოთხოვნა ფასდებოდა როგორც სხვა ქვეყნის უხეში ჩარევა შვეიცარიის შიდა პოლიტიკაში, ასევე საბანკო საიდუმლოების დარღვევის მცდელობად, რასაც ქვეყნიდან ინვესტიციების გადინება და ეკონომიკის შენელება მოყვებოდა და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში თანამშრომლობაზე თავად შვეიცარული მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და გადადგა თანმხვედრი ნაბიჯი. შედეგად, საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილიდან არც არაფერი წაუგია, პირიქით გაიზარდა ამ ქვეყნის ბანკების რეპუტაცია. ნიშანდობლივია, რომ საბოლოო ჯამში ერთ-ერთმა წამყვანმა უნივერსალურმა შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse Group AG, რომლის მთლიანი აქტივები 800 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, და მსოფლიო ტოპ ბანკების 40 შედის, ჯარიმების სახით გადაიხადა 2.6 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 80 სხვა შვეიცარულმა ბანკმა საერთო ჯამში-1.3 მლრდ აშშ დოლარი, წლების განმავლობაში ინფორმაციის დამალვისათვის, თუმცა პირველი შვეიცარული ბანკი რომელიც აშშ-ის საგადასახადო ორგანოებთან ღია თანამშრომლობაზე წავიდა იყო ქვეყნის უმსხვილესი UBS ბანკი, 926 მლრდ აშშ დოლარის აქტივებით, 36 ადგილით გლობალურ რეიტინგში, რომელმაც 2009 წელს განაცხადა რომ წლების მანძილზე დაეხმარა ათასობით აშშ-ის მოქალაქეს დაემალათ თავიანთი შემოსავლები.


ამ შემთხვევაშიც ბანკმა გადაიხადა ჯარიმების სახით საკმაოდ სოლიდური თანხა-850 მლნ აშშ დოლარი(4450 კლიენტზე) აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიშზე. ეს ფაქტები იმისათვის მოვიყვანე, რომ ამ გარემოებებს არც შვეიცარიის ეკონომიკაზე უმოქმედია ნეგატიურად, არც ინვესტორები გაქცეულან და არც თავად დაჯარიმებული ბანკების იმიჯზე ასახულა, თუ არ ჩავთვლით მათი შემოსავლების და დივიდენდების შემცირებას გადახდილი ჯარიმების გამო.


ასეთია საერთაშორისო რეალობა და დღეს მთავარი ამოცანაც სწორედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროცესის დრამატიზირების თავიდან აცილება უნდა იყოს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკში ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ


თიბისი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს



სხვა სიახლეები