• Ƀ/$

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე დღევანდელი ფსკერიდან პლუსში გადავიდა

14 თებერვალი 22:57 | ფინანსები

ეროვნული ბანკის მიერ TBC ბანკის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები მკვეთრად 6.66%-ით დაეცა. კაპიტალიზაცია $65 მლნ-ით შემცირდა, თუმცა ვაჭრობა მაინც პლუსში დასრულდა. 

ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უჩერდებოდათ, რაც 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიებას დაუკავშირა. სების განცხადებას თიბისი ბანკმა განცხადებითვე უპასუხა, გადაწყვეტილების გასაჩივრება დააანონსა და აღნიშნა რომ ბანკს რაიმე სახის პრობლემები არ შეექმნებოდა.


ინფორმაციის გასაჯაროებიდან სულ რაღაც 8 წუთში TBC-ის 1 აქციის ღირებულება 5%-ით დაეცა. ფსკერს, თითქმის 8.5%-იან ვარდნას თბილისის დროით 20:22-ზე მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ამის შემდეგ აქციების ფასი ვაჭრობის შეწყვეტამდე 1.8%-ით გაიზარდა.



TBC ბანკის კაპიტალიზაცია 730 მლნ ფუნტს შეადგენს, რაც $934 მლნ-ს ტოლია.


თიბისი საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკია 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით თიბისის პოზიციები საბანკო ბაზარზე შემდეგნაირად გამოიყურება: თიბისის აქტივები – 14.06 მლრდ ლარი, მთელი საბკნკო სისტემის აქტივები – 38.4 მლრდ ლარი იყო. ამ მოცულობაში თიბისის წილი 36.46%–ს შეადგენს. იგივე მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 9.59 მლრდ ლარს შეადგენდა, მთლიანი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი 26.1 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან თიბისის წილი 36.74%–ს უდრიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი პოზიცია აქვს ბანკს დეპოზიტების მიმართულებით – 8.82 მლრდ ლარი, რაც მთლიანი საბანკო დეპოზიტების (22 მლრდ ლარი) 40%–ს შეადგენდა.


სხვა სიახლეები