• Ƀ/$

პრემიერმა საინვესტიციო რეიტინგის მიღების იმედი გამოთქვა

25 თებერვალი 11:05 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სარეიტინგო პოზიციის BB-მდე გაუმჯობესება უზარმაზარ წარმატებად შეაფასა და ინვესტირების ზრდის პროგნოზიც გააკეთა.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც - დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში,  რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.


რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება.” აღნიშნა პრემიერმა.


ბახტაძის განცხადებით რეიტინგში დაწინაურება პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს სიღარიბის დაძლევაზე.


პრემიერმა Fitch-ის გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა:


„რა არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ Fitch-მა მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?! ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.


ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ.“ აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერმა უახლოეს მომავალში საინვესტიციო რეიტინგის მიღების იმედიც გამოთქვა, რაც კიდევ უფრო მეტად აისახება ცხოვრების დონეზე: „საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც  საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც მთავარია,  ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ  ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება.“


მსგავს თემაზე:

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა – „BB“ სტაბილური



სხვა სიახლეები