• Ƀ/$

2019 - 20121 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება

26 თებერვალი 18:49 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო. 

გეგმის თანახმად უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა არის ძალიან მასშტაბური და ამბიციური, შედეგად, "ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1.6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც გაზსადენებიდან არის საკმაოდ დაშორებული და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. შედეგად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61 000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.


შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.


შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები.


მსგავს თემაზე:

აშშ მხარს უჭერს „გაზის სამხრეთის დერეფანს“


სერბეთს რუსული გაზის მიღება უკრაინის გვერდის ავლით მოუნდა


სამხრეთის დერეფნის მეშვეობით საქართველო 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს



სხვა სიახლეები