• Ƀ/$

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%–ით გაიზარდა

5 აპრილი 10:01 | ეკონომიკა

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებით ჯამში - 1 014 732 მგზავრმა ისარგებლა, რაც 21%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.


იგივე წყაროს ცნობით, მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314 065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (290 739 მგზავრი). 3 თვის ჭრილში მგზავრთნაკადის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 804 673 მგზავრით – 11%–ით მეტი შეადგინა (2018 წელი 3 თვე - 723,941 მგზავრი).         


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83%–ით გაიზარდა და 53 316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი 29161 მგზავრი). რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156 784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%–ით მეტია (2018 წლის 3 თვე - 78 020).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით               21 664 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16%–ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი - 18631 მგზავრი). 3 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41%-ით გაიზარდა და 51 916 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 3 თვე - 36760 მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%–ით მეტია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (2018 მარტი - 263 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის მარტში, 44-მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 37%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (2018 მარტი - 27 მგზავრი).


ჯამში, 3 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1 359 მგზავრმა ისარგებლა, რაც 71%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წლის 3 თვე - 797 მგზავრი). 


მსგავს თემაზე:

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნება



სხვა სიახლეები