• Ƀ/$

ნორვეგია–პოლონეთის გაზსადენის მშენებლობაზე ევროკომისია 200 მლნ–ზე მეტს გამოყოფს

15 აპრილი 18:46 | ეკონომიკა

პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის დამაკავშირებელი გაზსადენის Baltic Pipe მშენებლობაზე ევროკომისია დამატებითი დაფინანსების სახით 215 მლნ ევროს გამოყოფს.

აღნიშნული პროექტისთვის გრანტის გამოყოფის შეთანხმებას ბრიუსელში ორშაბათს, 15 აპრილს მოეწერა ხელი, ნათქვამია ევროკომისიის პრეს–სამსახურის განცხადებაში.


პროექტის თანახმად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩრდილოეთის ზღვიდან პირველ გაზს ამ მარშრუტით 2022 წელს მიიღებენ.


პოლონეთში 2018 წელს იმპორტირებული გაზის 67% რუსეთზე მოდიოდა. Baltic Pipe ვარშავის გეგმის ნაწილია, რაც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს.


ახალი დირექტივები და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“


დღესვე, 15 აპრილს ევროკავშირის საბჭომ გაზის ევროპულ ბაზარზე წესების განმსაზღვრელ დირექტივაში შესწორებები საბოლოოდ დაამტკიცა.


ეს სიახლე ყველა გაზსადენს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან შედის, მათ შორის რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს. დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.


მთავარ მოთხოვნებს შორისაა – გაზის მიმწოდებელი და ოპერატორი კომპანიების დაყოფა, ასევე საწვავის ტრანსპორტირების ტარიფების გამჭვირვალობა.


მანამდე ეს წესები ევროკავშირის წევრის ქვეყნების მინისტრებმა და ევროპარლამენტმა დაამტკიცეს. ასევე, საფრანგეთსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ სხვა ქვეყნებსა და გერმანიას შორის, რომელიც რუსული „გაზპრომის“ ამ ამბიციური პროექტის მშენებლობის მომხრეა.


დირექტივის ტექსტი ასევე ავალდებულებს გაზსადენების ოპერატორ კომპანიებს, არ იყვნენ დამოკიდებული გაზის მიმწოდებელ კომპანიებზე. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის შემთხვევაში ეს ასე არ არის: ორივე შემთხვევაში აქ „გაზპრომი“ მონაწილეობს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორ კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი დირექტივა პროექტს არ შეეხება.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მილების გაყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე გრძელდება. პროექტის თანახმად, რუსეთ–გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. უკრაინა შიშობს, რომ აღნიშნული მაგისტრალის გაყვანის შემდეგ რუსეთი მთლიანად შეწყვეტს ევროპაში გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ირწმუნება, რომ ტრანზიტი შენარჩუნდება.


სხვა სიახლეები