• Ƀ/$

ნოტრ–დამი – რა დაკარგა კაცობრიობამ

16 აპრილი 10:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთელი საფრანგეთის სიმბოლოს წარმოადგენს. მას საფუძველი ადრეულ შუასაუკუნეებში ჩაუყარეს კუნძულ სიტეზე, ადგილზე, საიდანაც პარიზის დაარსება დაიწყო.

გოთიკური წმინდა ადგილი იუპიტერის ტაძრის საძირკველზეა აგებული. კერპთთაყვანისმცემლური სალოცავის ადგილზე მოგვიანებით წმინდა სტეფანეს ბაზილიკა ააგეს – პარიზის პირველი ქრისტიანული ეკლესია. საფრანგეთის დედაქალაქის ეპისკოპოსი მორის დე სიული XII საუკუნეში სწრაფად მზარდი პარიზის ცენტრში, ძველი ბაზილიკის ადგილზე დიდი კათედრალური ტაძრის აგების ინიციატივით გამოვიდა.


პარიზისა და მთელი საფრანგეთის სიმბოლოს საბოლოო სახემდე მიყვანას ორი საუკუნე დასჭირდა, ხოლო მომდევრო საუკუნეებში არაერთი რეკონსტრუქცია განხორციელდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს დაზიანებული ტაძრის ფასადის ქანდაკებები, ვიტრაჟები XIX საუკუნეში აღადგინეს.


2013 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის 850 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ყოველწლიურად ტაძარს დაახლოებით 14 მლნ ტურისტი სტუმრობდა.


15 აპრილს საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის 9 საუკუნოვანი შენობის კონსტრუქციისა და დეკორის უდიდესი ნაწილი განადგურდა, მათ შორის კოშკის საათი. მთლიანად ჩამოინგრა XIX საუკუნეში აგებული ცენტრალური შპილი. მთლიანად დაიწვა ტაძრის ძირითადი სახურავი, რომელიც ლითონის იყო, ხოლო მისი კარკასი ადვილადაალებადი ძველი ხის მასალისგან იყო აწყობილი. პარიზის ხელისუფლების ვერსიით, ხანძარი სწორედ სახურავიდან გავრცელდა, რომელიც სარესტავრაციოდ ხის ხარაჩოებში იყო მოქცეული.


შემაძრწუნებელი ხანძარი კათოლიკური ვნების კვირის პირველ დღეს გაჩნდა და ბევრმა მორწმუნებ ეს ყველაფერი ცუდ ნიშნად აღიქვა.


სამაგიეროდ, ხარძარს სასწაულებრივად გადაურჩა 1860 წელს შექმნილი ბრინჯაოს 16 ქანდაკება, რომლებიც, სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ტაძრიდან ხანძრის გაჩენამდე სამი დღით ადრე გაიტანეს.


დაშავებულთა შესახებ


კოლოსალური მასშტაბების ხანძრის ქრობისას, რომელშიც დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული, მძიმედ დაშავდა ერთი მეხანძრე. ცეცხლის გავრცელების მიზეზის დასადგენად პარიზის პროკურატურამ გამოძიება გუშინვე დაიწყო.


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში ტაძარში არც ისე ბევრი ხალხი იყო და სწრაფადვე მოხდა მათი ევაკუაცია, რითაც თავიდან აირიდეს შესაძლო მსხვერპლი.


რეაქციები


„მე მთელი გრძნობით ყველა კათოლიკესთან და ყველა ფრანგთან ვარ. როგორც თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს, ძალიან მტკივა იმის ხილვა, თუ როგორ იწვის ჩვენი ნაწილი“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.


პრეზიდენტმა ხანძრის გამო გადადო „ყვითელჟილეტიანებისადმი“ სატელევიზიო მიმართვა.


უკვე ღამით, ალმოდებულ ტაძარში შესულმა მაკრონმა პარიზის მთავარი სიწმინდის აღდგენის პირობა დადო.


საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებმა და პრემიერ–მინისტრებმა მიუსამძიმრეს.


აღადგენენ თუ არა ნოტრ–დამს?


საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდი სამშაბათს, 16 აპრილს განაცხადებს ტაძრის აღსადგენად სახსრების საერთო ეროვნულ შეგროვებას.


ფრანგი ბიზნესმენის ფრანსუა–ანრი პინოს ოჯახმა განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს.


იუნესკოში, რომლის ნუსხაშიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 1991 წლიდანაა შესული, აცხადებს, რომ თავის წვლილს შეიტანს დაზიანებული შენობის აღდგენაში.


ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სახსრების მოძიებას საერთაშორისო ფონდის გახსნით შეეცდება.


ვინ არის დამნაშავე?


ამ მომენტისთვის დამნაშავის კვალი არ იკვეთება.


პარიზის პროკურატურამ გამოძიება არაგანზრახ ზარალის მიყენების მუხლით დაიწყო.


მომხდარში კრიმინალისა და ტერორიზმის კვალს საფრანგეთის სამართალდამცავები გამორიცხავენ.


სხვა სიახლეები