• Ƀ/$

ინფცალია იზრდება – გრძელვადიანი პროგნოზები პოზიტიურია

9 მაისი 16:13 | ეკონომიკა

ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელზე გავლენა მეორეხარისხოვანმა ეკონომიკურმა პროცესებმა განაპირობეს და მასთან ფუნდამენტურ ფაქტორებს კავშირი არ აქვს. ასე აფასებენ ექსპერტები ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიმდინარე თვის მონეტარული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში მთლიანი წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდა, თუმცა, მარტის მაჩვენებელმა მიზნობრივს (3%) ოდნავ გადააჭარბა და 3.7% შეადგინა. სებ-ის პროგნოზით, 2019 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%, ხოლო მშპ-ს ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება.


„მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით, წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იქნება და საშუალოდ 4%-ს შეადგენს. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში, აქციზისა და სხვა ფაქტორების ეფექტის ამოწურვასთან ერთად, ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და მასთან ახლოს შენარჩუნდება. მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა 5%-ით გაიზრდება, რაშიც თითქმის თანაბარ წვლილს შეიტანს მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი", - წერია სებ-ის ანგარიშში.


M2B-მ გაარკვია, რამდენად სერიოზული პრობლემა იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა და რა პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება მასზე საგარეო და საშიანო ფაქტორების გავლენა?


ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის 2019 წლის მოლოდინს საქართველოსთვის ნორმალურ მდგომარეობად აფასებს. წლის პირევლ კვარტალში ინფლაციამ 2.7% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩენებელზე (3%) ნაკლებია.


„ზოგადად, ერთობლივი მოთხოვნიდან გამომდინარე ინფლაციის შემცირების ტენდენციაზე ზემოქმედება იქონია, როგორც სიგარეტზე სააქციზო გადასახადის ზრდამ, ასევე უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებულმა შუალედურმა ხარჯებმა, რამაც მარტის წლიური ინფლაცია 3.7%-მდე გაზარდა. თუმცა ასევე აღვნიშნავ, რომ სიგარეტზე აქციზის ზრდას ინფლაციაზე აქვს ერთჯერადი ეფექტი, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ამოწურული იქნება“, - უთხრა M2B-ს გიორგი ცუცქირიძემ.


მისივე თქმით, 2019 წლის მარტში დაფიქსირბული ინფლაცია (3,7%) პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თუნდაც 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 4% იყო აღებული, ხოლო ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან ისევ 3%-მდე შემცირდება.


შესაბამისად, მიუხედავად მცირე ზრდისა, მარტის ინფლაცია საქართველოსთვის ნორმალურ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ექსპერტი მას რეგიონში ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, კერძოდ თურქეთში, ასევე რუსეთში და ირანში შექმნილ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს.


„სავალუტო კურსის ქცევა მთლიანად საგარეო ფაქტორებმა განაპირობა და ამ პროცესს კავშირი არ აქვს შიდა ფაქტორებთან ან მასთან დაკავშირებულ რაღაც უარყოფით მოლოდინებთან, რადგან ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა წმინდა ექსპორტი და ტურიზმიდან შემოსავლები, ორივე მათგანი მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - უთხრა M2B-ს გიორგი ცუცქირიძემ.


როგორია ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორების, წმინდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენცია? ამ კითხვით M2B-მ  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს შოთა გულბანს მიმართა.


მისი განმარტებით, ქვეყანაში წმინდა ექსპორტისა და ტურიზმის ზრდის ტენდენცია თვალშისაცემია, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს არსულებს სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ექსპორტიორი მეწარმეებისთვის შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.


„ყველა საბაზრო ლოგიკით წმინდა ექსპორტის ზრდის ტენდენცია იკვეთება. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა მიმართულების უამრავ სამთავრობო პროგრამას, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებებს პირდაპირ დახმარებას უწევს, როგორც ფინანსური ისე პერსონალის გადამზადების კუთხით. თუ რაიმე კოლაფსი არ მოხდა რეგიონში და თუ მნიშვნელოვანი ეგზოგენური ფაქტორები არ გამოიკვეთა, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს. ჩემი მოლოდინი ამ მიმართულებით პოზიტიურია“, - უთხრა M2B-ს შოთა გულბანმა.


მისივე თქმით, თურქეთში მიმდინარე უარყოფით პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს საქართველოზე გავლენა აქვს, თუმცა არა დიდი დოზით. იმისთვის, რომ იქ შექმნილმა ვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად არ იმოქმედოს, საჭიროა საქართველომ ადგილობრივი წარმოება გააძლიეროს და ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან საგარეო სექტორი აქტიური იყო როგორც საექსპორტო შემოსავლების, ასევე ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატების თვალსაზრისით.


საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში წლიურად 13%-ით გაიზარდა, რაშიც ძირითადი წვლილი სამომხმარებლო და შუალედური საქონლის ექსპორტზე მოდის. ზრდის მაღალი ტემპით ფეროშენადნობების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მტკნარი წყლების ექსპორტი გამოირჩეოდა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გააქტიურებულია ასევე მსუბუქი ავტომობილების, დაფასოებული სამკურნალო საშუალებების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტი.


საქონლის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (თურქეთის გარდა), რაც ამ ქვეყნებში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად გაზრდილ საგარეო მოთხოვნას უკავშირდება.


მსგავს თემაზე:

თურქეთში ინფლაციამ 15–წლიანი რეკორდი მოხსნა


1,9%–იანი ინფლაცია


წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.2% შეადგინა



სხვა სიახლეები