• Ƀ/$

საქართველო-თურქეთის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის პირველი სხდომა ახლო მომავალში გაიმართება

17 მაისი 09:56 | ეკონომიკა

საქართველოს მთავარი დიპლომატი დავით ზალკალიანი ჰელსინკში ევროპის საბჭოს საგარეო მინისტერიალზე თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, სადაც საქართველო–თურქეთის სავაჭრო–ეკონომიკური კომისიის გამართვის საკითხი განიხილეს. 

შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მნიშვნელობას.


მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში გაიმართება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის ე.წ. JETCO პირველი სხდომა.


ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.


მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ორი ქვეყნის მნიშვნელობა დათანამშრომლობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ​


საქართველო–თურქეთის ურთიერთობები


საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დამყარდა.


საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.


ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.


აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.


ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე.


თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.


სხვა სიახლეები