• Ƀ/$

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი I კვარტალში 104.8%-ით შესრულდა

27 მაისი 17:32 | ფინანსები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და დეპუტატებს 2019 წლის იანვარ-მარტის ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.


მისი თქმით, დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლები პირველ კვარტალში ფაქტობრივად სრულადაა შესრულებული. პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,7%, მაშინ როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4,5%-ის ზრდის ფარგლებში.


მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი იყო 826.0 მლნ აშშ დოლარი, რაც 12.8%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 981.3 მლნ აშშ დოლარი.


„საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 580 026.0 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.8%“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე ინფორმაციით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 298 400.0 ათასი ლარით. „საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 316 502.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


მან ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 90%-ს აჭარბებს.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა დეპუტატებს  სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი გააცნო.


მისივე განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წლისთვის 2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წელთან შედარებით 26 %-ით მეტია. მუნიციპალური განვითრების ფონდის წლიური ბიუჯეტი გაზრდილია 46 %-ით, გზების დეპარტამენტის-8%-ით, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების-31%-ით.


მომხსენებლის განმარტებით, პირველ კვარტალში შესრულების მაჩვენებელმა 102 % შეადგინა.  მანვე, რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით არსებულ დადებით ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. „დღის მდგომარეობით 250-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს უკვე სამშენებლო სამუშაოები“,-განაცხადა მზია გიორგობიანმა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა აპრილში 0.2 % შეადგინა


4 თვეში ექსპორტმა $1.133 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები