• Ƀ/$

აშშ–ის ფინანსთა მინისტრი Amazon-ს უტევს

25 ივლისი 10:35 | კომპანიები

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ინტერნეტში საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მსოფლიოში უდიდესი პლატფორმის Amazon საქმიანობამ საცალო ვაჭრობის სფეროში კონკურენცია შეამცირა.

ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა ოთხშაბათს, 24 ივლისს საღამოს ტელეარხის CNBC ეთერში გააკეთა.


„ვფიქრობ, თუ შევხედავთ Amazon–ს, რომელსაც უდაო უპირატესობები გააჩნია, ცხადი ხდება, რომ მან აშშ–ში საცალო ვაჭრობის სისტემა ჩამოშალა“, – განაცხადა მნუჩინმა. მისი თქმით, კონცერნის საქმიანობამ მცირე ბიზნესს მიაყენა დარქტყმა.


აშშ–ის მთავარი ფინანსისტი აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის გადაწყვეტილება სავსებით დროული იყო.


დიდი „ჩხრეკა“ ინტერნეტ–გიგანტებში


ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის წამყვან ინტერნეტ–კომპანიებში შემოწმებებს იწყებს. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე 23 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.


შემოწმებების ინიციატორია სამინისტროს ანტიმონოპოლიური განყოფილება.


უწყების წარმომადგენლები შეისწავლიან, „როგორ მოიპოვეს თავისი გავლენები ბაზრის ლიდერმა ონლაინ–პლატფორმებმა და იყენებენ თუ არა ისეთ პრაქტიკას, რომელიც კონკურენციას ამცირებს, ავიწროვებენ ინოვაციებს და ზიანს აყენებენ მომხმარებლებს“.


სამინისტროს განცხადებაში „ჯაშუშური საფრთხეებიცაა“ ნახსენები, რომელსაც შესაძლოა იყენებენ გიგანტები მომხმარებლების, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც საძიებო სისტემებს, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ–მაღაზიებს წარმოადგენენ.


სააგენტო როიტერის ცნობით, კომპანიებს შორის, სადაც უწყების შემოწმებებია დანიშნული, არიან: Facebook, Amazon, Google და, შესაძლოა, Apple. სააგენტო მანამდე წერდა, რომ აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ კომპანიებს შორის შესაძლო კარტელური გარიგების საკითხის შესწავლას გეგმავდა. ასეთი სიახლეების გავრცელებისთანავე ამ კომპანიების აქციების ფასი დავარდა.


მსგავს თემაზე:

აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო ინტერნეტგიგანტებში შესამოწმებლად შედის



სხვა სიახლეები