სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
Toyota
Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

იაპონურმა Toyota Motor Corp-მა 2024 ფინანსური წლისთვის, რომელიც 31 მარტს დასრულდა, 10, 309.457 მლნ ავტომობილი გაყიდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 7,3%-ით მეტია. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში წერია, რასაც Kyodo News ავრცელებს.ავტომწარმოებლის წლიურმა გაყიდვებმა 10 მლნ ავტომობილს პირველად გადააჭარბა. ეს მონაცემები Lexus-ის ბრენდს მოიცავს, თუმცა არ მოიცავს Daihatsu Motor-ისა და Hino Motors-ის გაყიდვებს. ამ შვილობილი ბრენდების ჩათვლით, Toyota-მ ფისკალურ წელს 11,090.108 მლნ ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია.ამასთან, კონცერნის ავტომობილების წარმოება გასულ ფისკალურ წელს 9,2%-ით, 9,97 მლნ ერთეულამდე გაიზარდა. აქედან საზღვარგარეთ წარმოება წელიწადში 5%-ით, რეკორდულ 6,66 მილიონ ავტომობილამდე გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ძლიერმა მოთხოვნამ განაპირობა, ხოლო შიდა წარმოება 18,7%-ით, 3,31 მლნ ავტომობილამდე გაიზარდა, რაც პანდემიის შემდგომი გაზრდილი შიდა მოთხოვნის შედეგია. გლობალური გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც საზღვარგარეთ გაყიდვები 7%-ით, რეკორდულ 8,78 მლნ ერთეულამდე გაიზარდა. ეს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში პოპულარული მოდელების ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვების ზრდამ განაპირობა, როგორიც არის Corolla და RAV4.

საზოგადოება 1714121373

რუსული ზეთი
რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ნულოვანი რჩება

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი, წინა 11 თვის მსგავსად, მაისშიც ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში წერია.მზესუმზირის შროტზე გადასახადი აპრილის 3,403.9 რუბლიდან მაისში ტონაზე 29,8%-ით, 2,389.6 რუბლამდე (37-დან 26 დოლარამდე) შემცირდება.საორიენტაციო ფასებმა, რომელთა მიხედვითაც გადასახადი გამოითვალა, ტონა ზეთზე 766.7 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის წინანდელ 768.6 დოლარზე ნაკლებია, ხოლო შროტზე 205.9 დოლარია, რაც, ასევე, ერთი თვის წინანდელ 224.7 დოლარზე ნაკლებია. 2023 წლის 1 სექტემბრიდან შროტზე გადასახადის გამოთვლის საბაზისო ფასი ტონაზე 2,000 რუბლით (22 დოლარით), ანუ 15,875 რუბლამდე (173 დოლარამდე) გაიზარდა, ხოლო ზეთის გადასახადის გამოანგარიშებისთვის საბაზისო ფასი არ შეცვლილა და ტონაზე კვლავ 82,500 რუბლს (897 დოლარს) შეადგენს.ზეთსა და შროტზე გადასახადი რუბლებში 2022 წლის ივლისიდან გამოითვლება. მზესუმზირის ზეთის გადასახადი საბაზისო ფასს, ანუ ტონაზე 82,500 რუბლსა (897 დოლარსა) და საორიენტაციო, ანუ საბაზრო თვიურ და საშუალო არითმეტიკულ ფასთა შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.

საზოგადოება 1714121182

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.„ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები. „Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ.„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან. 

ბიზნესი 1714120910

თიბისი
თიბისის მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება. 1. გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელადთუ კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. თან, მიიღებ შენს სასურველ მისამართზე ან ფილიალში.2. არ დარჩები ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდანხშირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. Ამ შემთხვევაში მობაილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. Მთავარი გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიე “ბარათის განახლება”.  Აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.3. მართე შენი ბარათები მარტივადᲐრის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობაილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. თუ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. Ან თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობაილბანკიდან დაბლოკო - ღილაკით “დაბლოკვა”. ხანდახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობაილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღალკი “პინ კოდის აღდგენა”. ყველა ამ ღილაკს, მობაილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.4. გაანაწილე ტრანზაქციებიმობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. Ტრანზაქციის გაანწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკი “ტრანზაქციის დაბრუნება”, მიყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. Გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობაილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.გადმოწერე თიბისის მობაილბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.

ბიზნესი 1714118715

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია” შენდება
თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ, კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - საბურთალოს ოთხი ქუჩის - ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.პროექტი  გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს, მისი მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.„ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია“, ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი  კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას“ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას“ განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი“ და „კაპიტოლ მენეჯმენტი“. გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება“, - უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიას“ დირექტორი.„მოხარული ვარ, რომ “სიმეტრიას” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - გიორგი დარჩიაშვილი - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.კომპანია „სიმეტრია“ 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში.  დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.„სიმეტრიას“ მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

ბიზნესი 1714116539

ხალხი ქუჩაში
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2პროცენტს.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

საზოგადოება 1714116194