• Ƀ/$

ფაროსანას დამარცხება და საქართველოს აღიარება ღვინის სამშობლოდ - ლევან დავითაშვილი სამინისტროს მიღწევებს ასახელებს

ექსკლუზივი
24 სექტემბერი 15:59 | ინტერვიუ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გააქტიურდეს, რათა ხალხს გაკეთებულ საქმეებზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს.

ასეთი შეფასებმა მინისტრმა NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილს გაუკეთა.


კონკრეტულად რას გულისხმობდა მინისტრი გაკეთებულ საქმეებში და რას თვლის ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარ მიღწევებად, ამის შესახებ მინისტრი M2B-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.


- რას გულისხმობთ საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციაში?


– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად მოვახდინოთ მიწოდება ჩვენი გაკეთებული საქმის, რადგან სხვა შემთხვევაში აღქმები შეიძლება იყოს არასასურველი. ამიტომ ადეკვატური კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.


ჩვენს სამინისტროს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები, რაც სოფლად ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნას და ცხოვრების ხარისხისა და დონის გაუმჯობესებას ეხება. და თუ ამას მივაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აბსოლუტურად სახეცვლილი იქნება.


ეს ვერ მიიღწევა 1-2 წელიწადში და ამას სჭირდება დრო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი ამ კუთხით.


- კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს სამინისტროს მიღწევებად უკანასკნელ წლებში?


– ჩვენი სამინისტროს ბოლო წლების მნიშვნელოვან მიღწევებში შეიძლება ჩაითვალოს მრავალი გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომელიც იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. დაახლოებით 200-მდე ახალი სწარმო შეიქმნა შეღავათიანი დაფინანსების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ შეგვექმნა იაფი ფულის რესურსი სოფლის მეურნეობისთვის და იცით, რომ ასეთი არსებობს. ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტი.


თუ ვინმე იღებს ბანკისგან ნებისმიერი მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებას, საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს ფარავს სახელმწიფო. ანუ საქართველოში ისეთივე დაბალი საპროცენტო განაკვეთია სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტის წარმოებისთვის, როგორიც, დავუშვათ, ევროპის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში და  ეს არის ამ სექტორის განვითარების წინაპირობა. საბანკო სექტორის მხრიდან სატყეო და სასოფლო სექტორების დაფინასება 2012 წლისთვის დაახლოებით 50 მლნ ლარამდე იყო. დღეს კი ეს არის დაახლოებით 500 მლნ ლარზე მეტი მოქმედი კრედიტი.  ამ წლების განმავლობაში ჯამში 2 მლრდ ლარზე მეტი კრედიტია გაცემული. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი მუშაობის. სწორედ ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ 200-მდე ახალი საწარმო. ესენია მცირე და საშუალო პირველადი გადამამუშავებელი ობიექტები, რაც მოსავლის გადამუშავება-დაბინავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


- რა გაკეთდა მოსავლის დაბინავების პროცესის ოპტიმიზაციისთვის?


– გვახსოვს, რომ 2014-2015 წლებში მანდარინის დაბინავებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები იყო, მათ შორის რიგების მიმღებ პუნქტებთან. ბოლო წლებში ჩვენ ასეთი პრობლემების შესახებ არ გაგვიგია. რა თქმა უნდა, მოსახლეობის, ფერმერების მხრიდან ყოველთვის შესაძლოა არსებობდეს უფრო მეტი თანხის მიღების სურვილი და ფასეზბე არსებობდეს გარკვეული პრეტენზია, და ეს ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ ჩვენ ორგანიზებულად დაბინავებას ვახერხებთ. არა თუ დაბინავებას, არამედ ვახდენთ ცალსახად  თანამედროვე მეთოდებით, მაქსიმალურად კონკურენტული პროდუქტის წარმოებას, დახარისხებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირებას, სწორედ იმის დამსახურებით, რომ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა შექმნილი.


ასეთივე პრობლემები იყო ატამთან დაკავშირებით. მე თავად რამდენიმე წლის წინ მქონდა ძალიან რთული სეზონი, როდესაც ფერმერები ვერ აბარებდნენ მოსავალს, რადგან არ არსებობდა რგოლი პირველად წარმოებასა და ბაზარს შორის. სწორედ ამისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში, კახეთში, მხოლოდ გურჯაანში ჩვენ შევქმენით 9 ახალი ასეთი მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის დახარისხებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირებას. ამის შედეგად წელს კახეთში ატმის სეზონი ჩატარდა წარმატებით და 13 000 ტ-ზე მეტი პროდუქტი გავიდა ექსპორტზე.


- წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა პროგრამა „დანერგე მომავალი“?


– კიდევ ერთი მიღწევა, რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის მრავალწლოვანი ხილის ახალი ბაღების გაშენება. საქართველო წლების განმავლობაში ხილის კულტურების ძირითადი მწარმოებელი იყო, რაც 90-იან წლებში მოიშალა და ჩვენ ფაქტობრივად, მთავარ კონკურენტულ უპირატესობას ვკარგავდით. ქვეყანაში ხილის მრავალწლოვანი ნარგავები იყო შემცირებული. ინტენსიური თანადაფინანსების პროგრამით „დანერგე მომავალი“ ჩვენ მივიღეთ 7000 ჰა-ზე მეტი ახალი, თანამედროვე პლანტაცია, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს ყოველწლიურად რამენიმე ათეული მილიონი დოლარი დაემატება და ნელ-ნელა რამდენიმე ასეული მილიონის ექსპორტში გადავა. ამის უკან კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ათასი ფერმერი და სოფლად მცხოვრები ადამიანია, ვინც ამ ბაღებში იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, არის კერძო ინიციატივები დაფინანსებული და გაშენებულია ახალი ბაღები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.


- რა შედეგები აქვს სამინისტროს ფაროსანასთან ბრძოლაში?


– ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი სირთულის დაძლევა იყო ფაროსანასთან ბრძოლა, ეს იყო პრობლემა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ ბევრი წლის განმავლობაში ვერ დაძლია და ჩვენ  საქართველოში ეს მოვახერხეთ. კონტროლში მოვაქციეთ მავნებლის პოპულაცია და მოხდა მოსავლის გადარჩენა და მთავარი ამოცანა იყო ეს. ის არ გაქრება ჩვენი რეალობიდან და ბევრი წელი კიდევ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის კონტროლში მოქცეულია და დღეს ფერმერებს შეუძლიათ სწორად ორგანიზების პირობებში თავიანთი მოსავალი მიიღონ.


გარდა იმისა, რომ სანედლეულო ბაზარი გდავარჩინეთ, თხილის ინსდუსტრიაში ახალი მიღწევა გვაქვს. საქართველოდან ძირითადად გაუტეხავი თხილი გადიოდა და მიბმული ვიყავით თურქეთზე. საქრთველო პირდაპირ ვერ ახერხებდა მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომას. ჩვენ აქაც გარდატეხა შევიტანეთ. თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში შევქმენით თხილის გადამამუშავებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო, სადაც ISO 22 000 სტანდარტია დანერგილი და ამ საწარმოებს შეუძლიათ ევროპის მაღალი ხარისხის პროდუქტის მომხმარებლებს პირდაპირ მიაწოდონ არა მხოლოდ გატეხილი თხილის გული, არამედ გადამუშავებული პროდუქტიც, როგორიც არის დაკეპილი თუ დაქუცმაცებული თხილი, ასევე თხილის პასტა, რომელიც ძალიან მაღალი სანიტარული მოთხოვნების პროდუქტია ამ ინდუსტრიაში. ასევე გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა დარგობრივი პროეტი, რომელზეც დიდხანს შეგვიძლია საუბარი.


დავიწყეთ სოფლად კოოპერატივებისა და ახალი მეწარმეების წახალისება. ამან შექმნა ის დინამიკა, რომ ბევრი ახალგაზრდა სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. ამით არ ვამობობ, რომ ყველაფერი მოგვარებულია, არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები და ამაზე ვმუშაობთ. თუმცა, ამ მიმართულების წახალისებამ გამოწვია გარკვეული პოზიტიური დინამიკა და ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა სოფლის მეურნეობისადმი ინტერსი.


- როგორია ღვინის ბაზრის დინამიკა და შედეგები საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციის კუთხით?


– ძალიან ბევრი გაკეთდა მევენახეობა-მეღვინეობაში და არ შეიძლება ამაზე არ ვთქვათ. 2012 წლისთვის თუ 20-მდე ორგანიზაციული კომპანია გვქონდა, დღეს უკვე ღვინის მწარმოებელი 800-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული ღვინის ეროვნულ სააგენტოში. მათგან რამდენიმე ასეული მონაწილეობს რთველში. ყოველწლიურად ახალი ღვინის ფესტივალზე მთელი საქართველოდან უამრავი ახალი და მცირე მეწარმეა წარმოდგენილი. მაშინ, როცა წლების წინ ქართული ღვინის მწარმოებელბი ერთ კარავში თავსდებოდნენ.


გაზიარდა ღვინის ბრენდების რაოდენობა და ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ამ საქმეში ჩართული. ასევე ძალიან ბევრი ტრადიციული და მივიწყებული ჯიშისგან დღეს იწარმოება ღვინო და ამ კუთხით მრავალფეროვნება არის დიდი. ვფირობ, რომ ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა.


2012 წელს ჩვენ ევროპაში 20-24 მლნ ბოთლ ღვინოს ვყიდდით, აქედან 10-11 მლნ ბოთლი მოდიოდა უკრაინაზე, ფაქტობრივად ევროპაში ქართული ღვინის ექსპორტის ნახევარი.  დღეს ქართული ღვინის 50% რუსეთში გადის. ჩვენ დაახლოებით 40-50 მლნ ბოთლის რეალიზება ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში შევძელით. გაჩნდა ახალი ბაზრები. ესენია: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - პოლონეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - ჩინეთი, რომელიც საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედის, აშშ, რომელიც ათეულშია და უკვე აღარ არის მხოლოდ ათეულობით ბოთლის იმპორტიორი სქართველოდან.  ექსპორტის ზრდასთან ერთად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაც მოხდა.


- მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიომ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა...


– ასევე ჩვენი სამინისტროს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ჩვენ ყველა ქართველს გვეამაყება, რომ ვართ იმ ქვეყნის შვილები, სადაც ღვინო დაიბადა. ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ჰიპოთეზის სახით არსებობდა და მის დადასტურებას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდებოდა. ამისთვის ჩვენ ეროვნულ მუზეუმთან ერთად ვიმუშავეთ. მიმდინარეობდა რამდენიმეწლიანი საერთაშორისო მულტიდისციპლინური პროექტი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდნ უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული იმისთვის, რათა დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის მეღვინეობის უძველესი კერა, აქ მოხდა ვაზის დომესტიკაცია და რომ ქართველები ღვინის სამშობლოდან ვართ. მსოფლიომ აღიარა ეს ფაქტი და ამას ჰქონდა ძალიან დიდი რეზონანსი. 2016 წლის  უცხოურ საინფორმაციო გამოშვებებში პირველ სამ ნიუსში იყო ეს ამბავი, რომელიც საქართველოს ამ აღმოჩენას უკავშირდებოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.


ავტორი: ნათია ზარიძე, ჟურნალისტი.


სხვა სიახლეები