• Ƀ/$

ეკონომიკური თუ საბჭოთა კავშირი – რა მესიჯები გაისმა რუსული ბლოკის ერევნის სამიტიდან?

3 ოქტომბერი 12:57 | ანალიტიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე, ერევანში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წინაშე ახალი მასშტაბური ამოცანები დგას.

ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სამშაბათს, 1–ელ ოქტომბერს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც 7 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა.


მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა საბაზრო სექტორში საქონელზე და მომსახურებაზე ვაჭრობისას არსებული ბარიერების აღმოფხვრას. დამატებით აუცილებელია საფინანსო სექტორში წევრ-სახელმწიფოთა შორის საკავშირო რეგულირების დანერგვა.


პუტინის განცხადებით, შემდგარი ღონისძიების შედეგების საფუძველზე იგეგმება „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საერთო ფინანსური ბაზრის ფორმირების კონცეფციის დამტკიცება. აღნიშნული დოკუმენტი გახდება ე.წ. საგზაო რუკა, რომელიც შეიმუშავებს უნივერსალურ წესებს საბანკო-სადაზღვევო მომსახურებაზე და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებაზე. დოკუმენტი გაამარტივებს წევრი-სახელმწიფოების მოქალაქეების დაშვებას ფინანსურ ინსტრუმენტებზე და ბაზრის ამ სეგმენტს გახდის ერთიანს და გამჭვირვალეს.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საკავშირო კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესი. უახლოეს მომავალში ძალაში შევა შეთანხმებები „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის ფორმირებაზე. 2025 წელს გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბების პარალელურად უნდა შეიქმნას ელექტროენერგიის საერთო სივრცე. პროდუქციის მიმოსვლის გამჭვირვალობისთვის აუცილებელია თანმხლები იურიდიული დოკუმენტების სრული მიმოცვლა და საქონლის ელექტრონული ეტიკეტირება.


პუტინის მოსაზრებით, ირანთან მიღწეული დროებითი შეთანხმება ხელს შეუწყობს იმპორტის ტარიფის მნიშვნელოვან შემცირებას და იმ გარკვეული შეზღუდვების გაუქმებას, რომელიც სასაქონლო ნაკადის მოძრაობას აფერხებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ვაჭრობა და ინვესტიციები. მისი თქმით აუცილებელია მჭიდრო კავშირების დამყარება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ინტეგრაცია ჩინურ „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივასთან.


ყირგიზეთი – დავძლიოთ ბარიერები


ყირგიზეთის პრეზიდენტის სოორონბაი ჟეენბეკოვის მოსაზრებით, ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებმა შიდა ბაზრებზე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.


ბელარუსი – ორიენტაცია გარე ბაზრებზე


ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ქვეყნებზე, სადაც ნაკლებადაა ცნობილი ორგანიზაციის პროდუქცია და მომსახურება. მათ უნდა შესთავაზონ ევრაზიის განვითარების ბანკს კავშირში გაწევრიანება. აქვე, წევრი-სახელმწიფოების ეროვნულმა ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გამოძებნონ ის მისაღები ფორმა, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მჭიდრო ურთიერთქმედებას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ.


პუტინის მრჩევლის, სერგეი გლაზევის თქმით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის“ პრიორიტეტი უნდა იყოს არამხოლოდ სატრანზიტო ტერიტორიების, არამედ ინდუსტრიების განვითარება. მისი თქმით, აუცილებელია ექსპორტის წილის ზრდა მესამე ქვეყნებში. ამისთვის საჭიროა ტექნიკური პოტენციალისა და ჩინეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენება.


ირანი – რას დაუპირისპირებენ აშშ–ის სანქციებს?


ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შეხვედრა აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად გამოიყენა და აღნიშნა, რომ შეკრებილ სახელმწიფოებს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ეხსნებათ.


„ამჟამინდელ კრიტიკულ გარემოებებში, აშშ-ის დესტრუქციული საქმიანობის და ეკონომიკური ტერორიზმის საპასუხოდ, რეგიონალური სტაბილურობის დაცვა აუცილებელია. სიღარიბე, დაუცველობა, მიგრაცია. შიშისა და სასოწარკვეთილების ასეთ ატოსფეროში საჭიროა მრავალმხრივი რეგიონალური თანამშრომლობა“, - განაცხადა რუჰანიმ.


ირანის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური თეირანი სპარსეთის ყურეში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს იწვევს გაწევრიანდნენ ე.წ. ჰორმუზის სამშვიდობო ინიციატივაში.


„ინიციატივა მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის უნივერსალური ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ნავიგაციის თავისუფლებას, ნავთობისა და სხვა რესურსების შეუფერხებელ მოძრაობას ჰორმუზის სრუტის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ“, - დასძინა მან.


სომხეთი – ვაჭრობა დრამში?


ღონისძიების მიმდინარეობისას, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, გაზის გადასახადის ეროვნული ვალუტით გადახდის საკითხი დააყენა. ამჟამად ერევანი რუსულ გაზს აშშ დოლარით ყიდულობს.


ყაზახეთი – ნეგატიური ტენდენციები კავშირში


ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნეგატიურ ტენდენციად შეაფასა ვაჭრობის შემცირება როგორც „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფარგლებს შიგნით, ასევე მესამე ქვეყნებთან. მისი თქმით, 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ორგანიზაციის სავაჭრო ბრუნვა მესამე ქვეყნებთან 2%-ით შემცირდა, ხოლო კავშირის წევრ-სახელმწიფოთა შორის ურთიერთვაჭრობა 5%-ით არის შემცირებული და $28 მლრდ-ს შეადგენს.


მოლდოვა – დოდონი ევრაზიულ პერსპექტივებს შეისწავლის


მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი იმედოვნებს, რომ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს“ შორის თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის თაობაზე. მისი თქმით, ოფიციალური კიშინოვი აპირებს შეისწავლოს ევრაზიის განვითარების ბანკში მონაწილეობის და ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში მოლდოვის მუდმივი წარმომადგენლის საკითხის შესაძლებლობები. ამ ფორმით ისინი დაუყონებლივ მიიღებენ ინფორმაციებს როგორც სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, ასევე საბაჟო, ტექნიკურ, სანიტარულ და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, იმ მიზნით, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები საინვესტიციო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.


სტრატეგიული მიზნები და ამოცანები


ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარის ტიგრან სარქისიანის განცხადებით, ორგანიზაციის სამომავლო ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შემდეგი პროექტების განხორციელება:


1.       სატრანსპორტო ოპერაციების შესრულებისას, სრული გადასვლა მონაცემთა ციფრულ გაცვლაზე. ამისთვის კი საჭიროა ტრანს-სასაზღვრო სივრცის სრულყოფილი სისტემის შემუშავება/განხორციელება;


2.       ნაციონალური ოპერატორებისთვის და პარტნიორებისთვის გასაგები სატრანსპორტო-ლოგისტიკური მომსახურების ერთიანი სტანდარტების შექმნა;


3.       ინტეგრირებულ საზედამხედველო სისტემაზე გადასვლის დასრულება. სახელმწიფოებისთვის უნდა შემუშავდეს მარეგულირებელი სტანდარტები და მათი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე.


სარქისიანის თქმით, ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის“. შესაბამისად, სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი, ამბიციური ამოცანა დაისახეს - 2025 წლისთვის საქონლის ტრანსპორტირებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრა.


აღსანიშნავია, რომ ევრაზიის ეკონომიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო სხდომა დეკემბერში, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.


2020 წლიდან კი ბელარუსი დაიკავებს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ თავმჯდომარის პოსტს.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


მსგავს თემაზე:

სომხეთის ამბიციები "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" ბიუროკრატიული პრობლემების წინააღმდეგ


"ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" ლიდერები ერევანში შეიკრიბნენ



სხვა სიახლეები