• Ƀ/$

ფაშინიანი – თეირანთან თანამშრომლობა სანქციების ბასრ ზღვარზე და ლარსის „სიცოცხლის გზა“

3 ოქტომბერი 14:09 | ანალიტიკა

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტარების წინაშე გამოსვლაში განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი ყველაფერს აკეთებს „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ და მის ცალკეულ სტრუქტურებში სომხეთის ეფექტიანობის გასაზრდელად.

პრემიერის მოხსენებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მან ორი შეხვედრა (ოფიციალური და „ზვარტნოცის“ აეროპორტში არაოფიციალური) გამართა, სადაც სრულად განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.


„ვფიქრობ, ორივე მხარე კმაყოფილია შეხვედრების შედეგებით. ჩვენი მთავრობები და პოლიტიკური გუნდები თანმიმდევრულად ასრულებენ და ახორციელებენ შეთანხმებებს. რაც შეეხება ერევანში ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის ვიზიტს, აღნიშნული არის იმ პოლიტიკური დიალოგის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც 2019 წლის თებერვალში ირანში ჩემი ვიზიტისას დაიწყო. ჩვენ ვიცით ირანის გარშემო არსებული ვითარების შესახებ. სომხეთს სურს გააფართოვოს ირანთან ენერგეტიკული თანამშრომლობა ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალურ განვითარებას. საჭიროა დავრწმუნდეთ ოფიციალურ თეირანთან სხვა სფეროებში ურთიერთქმედების განვითარების უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, გასათვალიწინებელია ბევრი ნიუანსი და მისაღებია სწორი გადაწყვეტილებები. ორივე ქვეყნის მთავრობას ნათლად ესმის ამ შეზღუდვების შესახებ და ცდილობენ ერთობლივად იპოვონ მათი გადაჭრის გზები“, - განაცხადა ფაშინიანმა.


ლარსი – „სიცოცხლის გზა“


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ იდეოლოგიის ფორმირების ფარგლებში უნდა მოგვარდეს.


მისი სიტყვებით, კვირაზე მეტხანს გრძელდება მრავალკილომეტრიანი საცობები ამ მონაკვეთზე და ეს არის ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელი გზა საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის.


„სატვირთო გადამზიდავები ირწმუნებიან, რომ პრობლემები წარმოიშობა ზედმეტი ტვირთის გამო, როდესაც ავტომობილები აჭარბებენ დადგენილ მოცულობას და ამის გამო მათ ჯარიმები ეკისრებათ. შესაბამისად, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთოების თავისუფალ გადაადგილებას ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.


მისი თქმით, დღესდღეობით დამატებით განიხილება ალეტერნატიული შესაძლებლობები სომხეთსა და რუსეთს შორის ნორმალური  სატვირთო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, საბორნე სერვისების ნაწილობრივი აღდგენა, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს. ასევე არის გარკვეული დისკუსიები, რომლებიც უკავშირდება სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ეფექტურობის გაზრდას.


სომხეთის პრემიერის განცხადებით, „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ 60-ზე მეტი დაბრკოლებისა და ბარიერის აღმოფხვრის თემა დგას დღისწესრიგში. ეს ბარიერები ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს. ეს დაბრკოლებები დაკავშირებულია კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან. მისი მოსაზრებით, 60 დაბრკოლება ერთდროულად ვერ გამოსწორდება, რადგან ეს არის სხვადასხვა ქვეყნის კანონების ჰარმონიზაციის საკითხი და საჭიროა სხვადასხვა ტიპის პროცესების წარმოება სახელმწიფოთა იურიდიული ბაზის სინქრონიზაციისთვის.


ფაშინიანის თქმით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირში“ 4 სახის თავისუფალი გადაადგილება არსებობს, ესენია შრომის, კაპიტალის, საქონლის და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება. მათი პრაქტიკული განხორციელება ვერ ხერხდება ზემოხსენებული ბარიერების გამო და საჭიროა ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებებით.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკური თუ საბჭოთა კავშირი – რა მესიჯები გაისმა რუსული ბლოკის ერევნის სამიტიდან?



სხვა სიახლეები