• Ƀ/$

გერმანული პარტიები საკუთარ ჟურნალისტიკაზე გადადიან

24 ოქტომბერი 12:34 | ანალიტიკა

გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ტრენდია – პოლიტიკოსებს ინტერვიუებს პოლიტიკოსები ართმევენ, პრეს–ცენტრები წერენ ახალ ამბებს. ეს საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ნამდვილი ჟურნალისტებისთვის, არამედ დემოკრატიისთვის.

აღნიშნულ თემას გერმანული გამოცემა Deutsche Welle სტატიას უძღვნის.


რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ამას ვერავინ წარმოიდგენდა, წერს სტატიის ავტორი. ცოტახნის წინ იუთუბზე ატვირთულ ვიდეოში იხილავთ გერმანიის პოლიტიკური ელიტის ორ წარმომადგენელს – ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს და ბუნდესტაგში ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის ფრაქციის ლიდერს რალფ ბრინკჰაუსს, რომელიც კანცლერს 1989 წლის შემოდგომის ამბებზე უსვამს კითხვებს.


ისინი, ვინც არ იცნობს ბრენკჰაუსს (და ასეთები თავად გერმანიაშიც მრავლად არიან), იფიქრებენ, რომ მერკელს კითხვებს ჩვეულებრივი ჟურნალისტი უსვამს. მაც „ძვირფასი ანგელასადმი“ ჟურნალისტის მხიდან „შენობით“ მიმართვაც გააოცებს. იმას, რომ ინტერვიუს მერკელის თანაპარტიელი პოლიტიკოსი უძღვება, მაყურებელი ვიდეოს აღწერაში თუ წაიკითხავს, რომელიც საკმაოდ პატარა ზომის შრიფტითაა აკრეფილი.


მედიამ შესაძლოა „მეოთხე ხელისუფლების“ ფუნქცია დაკარგოს


ვიდეოს ავტორებმა სპეციალურად გადაიღეს ის პროფესიონალი ჟურნალისტის მიერ ჩატარებული ინტერვიუს ფორმატში, ფიქრობს გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენელი ფრანკ იბერალი. გერმანიაში პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ ჟურნალისტური პროდუქტების შექმნა ახალი ტრენდია. „რატომ უნდა მისცე ინტერვიუ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს, როცა ამის გაკეთება საკუთარი ძალებითაც შეგიძლია“, – განმარტავს იბერალი ამ მიდგომის უპირატესობას პოლიტიკოსებისთვის.


მაგრამ მედიას ხომ შემთხვევით არ უწოდებენ „მეოთხე ხელისუფლებას“. მათი დანიშნულება ხელისუფლების პირველი სამი განშტოების კონტროლია – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების. გამოდის, ამ ფუნქციას ის ითავსებს, ვინც საკუთარი ინტერესების გამტარებელია, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები. კიდევ რამდენიმე მაგალითი, როგორ უდგებიან გერმანელი პოლიტიკოსები ჟურნალისტებს.


2019 წლის დასაწყისში, ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის არჩეული თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ–კარენბაუერი (გერმანიაში ხშირად მას აკკ–ს უწოდებენ) უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდნენ. პრეს–სამსახურმა ჟურნალისტებს მიუთითა, რომ შეხვედრა ისეთ ფორმატში წარიმართება, რომ ჟურნალისტებს არ ექნებათ პარტიის ლიდერთან საუბრის ციტატების გამოყენებისა და ფოტოგადაღების უფლება არ ექნებათ. ჟურნალისტებმა პირობა შეასრულეს, პარტიამ – არა. შეხვედრის დასრულებისთანავე ტვიტერზე უამრავი ფოტომასალა გამოჩნდა, რომლებიც ქრისტიან–დემოკრატების პირადი ფოტოგრაფის მიერ იყო გადაღებული და გაკეთებული ჰქონდა მინაწერი: „აკკ ასზე მეტ უცხოელ ჟურნალისტს შეხვდა“.


სხვა შეხვედრაზე, სადაც აკკ მიგრაციის საკითხებში ექსპერტებს შეხვდა, ჟურნალისტები არ მიიწვიეს იმ მოტივით, რომ შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თუმცა, აკკ–მსხვა მიზეზი დაასახელა: „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი თავად არის საკუთარი ფოტოგრაფიის პატრონი და თავადვე შეუძლია ახალი ამბების წერა. „თანამედროვე პოლიტიკური კომუნიკაცია“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება, მიიჩნევს აკკ.


გერმანული პარტიები ქსელებში გადადიან


ეს ორივე მოვლენა ერთ სურათში ჯდება, რომელსაც ექსპერტები „შეტყობინებების მართვას“ უწოდებენ. ინფორმაციის ნაკადებზე კონტროლის დასამყარებლად, გერმანიის პოლიტიკური პარტიების პრეს–ცენტრებში ახალი ამბების განყოფილებები იქმნება.  პირველად ეს ნაბიჯი მემარჯვენე–პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადადგა. ეს მალევე მოხდა, როცა პარტია 2017 წლის არჩევნებით ბუნდესტაგში შევიდა. ამით შეეცადგეგ კლასიკური ჟურნალისტებისთვის გვერდისავლა, რომლებიც, პარტიის წარმომადგენლების აზრით, მათ შესახებ მცდარ წარმოდგენებს ქმნიდნენ.


„ალტერნატიული მედია – ეს ჩვენ ვართ“, – განმარტავს Deutsche Welle–სთან ინტერვიუში მარიუ ჰაუ, რომელიც პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სოციალურ ქსელებს კურირებს. მემარჯვენე პოპულისტები სოცქსელებს აქტიურად იყენებენ საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად. საკმარისია, პარტიის რომელიმე წარმომადგენელმა ბუნდესტაგში თავისი პოსტი გამოაქვეყნოს სოცქსელში, რომ მისი ათასობით გამომწერი ყველა ღონეს ხმარობს ამ პოსტის მაქსიმალური გავრცელებისათვის.


აღნიშნული პარტიის მაგალითს, ამომრჩევლის რაც შეიძლება ფართო ფენების ინფორმაციულ დაფარვასთან დაკავშირებით, უკვე მიბაძეს ქრისტიან–დემოკრატებმა და ლიბერალებმა. ქრისტიან–დემოკრატების გეგმების თანახმად, პარტიის წარმომადგენლობები ადგილებზე ნაკლებად უნდა დაკავდნენ საორგანიზაციო საკითხებით და მთელი ძალისხმევა სოციალურ ქსელებზე უნდა მიმართონ. პარტიები საზოგადოების იმ ნაწილში ცდილობენ ამომრჩევლის პოვნას, რომელიც არ კითხულობს გაზეთებს და არ უყურებს ტელევიზორს. ძვირადღირებულ წინასაარჩევნო პლაკატებს ქსელეში განთავსებული გზავნილები ანაცვლებს, რომლებიც კომპიუტერებისა და სმარტფონების ეკრანებზე იკითხება.


არა სიახლეები, არამედ ეტიკეტების დაკვრა


ის, რაც ერთი შეხედვით ტენდენციაა, რომელიც დროს პასუხობს, თავის თავში საფრთხესაც შეიცავს. პარტიას შეუძლია წეროს ახალი ამბები, მაგრამ არა ნამდვილი ჟურნალისტური სიახლეები, დარწმუნებულია გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე.


ეს მასალები ვერ იქნება სრულად დაბალანსებული და პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი იქნება. ამ შემთხვევაში ხომ საერთოდ გამოირიცხება კრიტიკული მიდგომა, რაც ნამდვილი ჟურნალისტური მასალის ხერხემალია. იბერალის თქმით, საუბარია „ეტიკეტების გადაკვრაზე“, როდესაც ახალ ამბებად პარტიის პიარ–შეტყობინებებს ასაღებენ. მაგრამ, ამ პროცეს რომ წინ აღუდგე – რთული საკითხია.


ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ჟურნალისტთა კავშირი საზოგადოებრივი დებატების გამართვას ითხოვს. ამ სფეროში სამართლებრივი ნორმების შემოღებას საზოგადოებრივი ზეწოლა სჭირდება. პარტიული მედიის გამოჩენის ახალი ტენდენცია არა მხოლოდ ჟურნალისტიკის, არამედ, საბოლოოდ, კონტრპროდუქტიულია დემოკრატიისთვისაც, მიიჩნევს გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე.


სხვა სიახლეები