• Ƀ/$

აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის საკითხზე მუშაობს

9 დეკემბერი 11:26, 2019 წელი | ანალიტიკა

აზერბაიჯანი რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესის დასრულებას მომდევნო 2-3 წლის მანძილზე შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა.


„რუსეთთან საზღვრის დადგენის საკითხები წარმატებით ხორციელდება. ნოემბერში მოსკოვში შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალი გეგმები დაისახა. ამჟამინდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამუშაოების 30-40% უკვე დასრულებულია. მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 2-3 წელიწადში ამ პროცესს დავასრულებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ხალაფოვის თქმით, მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა შესაძლოა მომდევნო წლის პირველ კვარტალში შედგეს.


27-29 ნოემბერს აზერბაჯან-რუსეთის საზღვრის დემარკაციის კომისიის უკანასკნელი სხდომა შედგა, სადაც მხარეებმა 2020 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება.


მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობების მიუხედავად წინა სხდომების დროს ქართულ-აზერბაიჯანულმა კომისიამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია და სამუშაოების 2/3 უკვე დასრულებულია.


ხალაფოვის განცხადებით კომისიის მომდევნო შეხვედრა თბილისში, 2020 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.


საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე ათწლეულებია ცდილობენ სახელმწიფო საზღვრების საკითხი იმგვარად დაარეგულირონ, რომ მას მეტნაკლებად მისაღები ფორმა ჰქონდეს. შესაბამისად არცერთი მხარები არაა სიტუაციის გამწვავებით დაინტერესებული და რეალურად მდგომარეობის დაძაბვა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის „მესამე, გარეშე ძალებს“ სურთ.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები