• Ƀ/$

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - ზოგადი აღწერა

23 იანვარი 12:33 | ეკონომიკა

მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ყოველწლიურად იკრიბებიან შვეიცარიის პატარა სათხილამურო ქალაქში, რათა გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განიხილონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები.

თუ თქვენ არასდროს გსმენიათ ამ მოვლენის შესახებ, სულ მცირე მედიის საშუალებით მაინც გექნებათ გაგონილი ტერმინი „დავოსი“, რომელიც მიმდინარე წელს 21-24 იანვარს იმართება.


რა არის დავოსი?


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ხშირად უბრალოდ „დავოსს“ უწოდებენ, ყოველწლიურად, ამავე დასახელების ქალაქში თავს უყრის სხვადასხვა მთავრობებსა და ბიზნეს-ლიდერებს. ოთხდღიან კონფერენციას ამავე დასახელების არაკომერციული ტიპის ორგანიზაცია მართავს.


სად მდებარეობს დავოსი?


სათხილამურო კურორტი დავოსი შვეიცარიაში, ზღვის დონიდან 1 560 მეტრზე მდებარეობს და ევროპის ყველაზე მაღალი ქალაქია. იმის მიუხედავად, რომ წლის მანძილზე ამ დასახლებაში ფასები ევროპული საზომებით ნორმალურია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5-ჯერ იზრდება ხოლმე.


ვინ ესწრება ღონისძიებას?


დავოსში უმაღლესი დონის საზოგადოება იყრის თავს, რომლებიც ლექციებსა და პანელებზე საუბრების გარდა, ღონისძიებას ახალი კავშირებისა და გარიგებების ჩამოსაყალიბებლად იყენებენ. მსოფლიო ლიდერები ხშირად აჟღერებენ საინტერესო სიახლეებს საჯარო გამოსვლებსა და საკონფერენციო პანელებზე.


დამსწრეთა შორის არიან ისეთი ლიდერები, როგორიც მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და გრეტა ტუნბერგის მსგავსი აქტივისტები. აქ წარმოდგენილები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, მაგალითად Google, Microsoft, Apple და ა.შ.


წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობა


დავოსის ძირითადი პროგრამა მრავალფეროვან პანელებსა და ლექციებს მოიცავს. წლევანდელი ღონისძიება ძირითადად მდგრადობაზე არის ორიენტირებული.


კონფერენციის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა შვედი ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.


ლექციებსა და პანელებზე ბიზნეს-ლიდერები და კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები ხშირად აჟღერებენ ახალ, თანამედროვე იდეებს, კონცეფციებს ეკონომიკის სფეროში.


დავოსის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების, დღისწესრიგისა და ე.წ. Live-სესიების ნახვა www.weforum.org-ზე არის შესაძლებელი.


 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


 

მსგავს თემაზე:

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატური ცვლელებები იქნება


ტრამპი დავოსის ფორუმზე: უამრავი კომპანია შემოვა ან დაბრუნდება ამერიკის ბაზარზე



სხვა სიახლეები