• Ƀ/$

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ

23 იანვარი 15:39 | ანალიტიკა

ჩინეთი აძლიერებს ძალისხმევას კორონავირუსის მოსაგერიებლად, რომელიც ქალაქ ვუჰანში (Wuhan) სავარაუდოდ ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ ბაზარზე წარმოიშვა.

ახალმა ვირუსმა ჩინეთში უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა. ზოგადად გლობალურ დონეზე ვირუსის გავრცელების 550-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთზე მოდის.


ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება სწრაფად მზარდია, რადგან უახლოეს მომავალში ჩინეთში მილიონობით ადამიანი შეიძლება ჩავიდეს, ჩინური ახალი წლის, იგივე მთავარი ახალი წლის დღესასწაულებზე.


რას წარმოადგენს კორონავირუსი?


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) მიხედვით, კორონავირუსი არის ვირუსის ტიპი, რომელიც იწყება უმნიშვნელო გაციებით და რთულდება ისეთ მძიმე დაავადებებამდე, როგორებიც ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი (Middle East respiratory syndrome – MERS) და მწვავე რესპირატორული სინდრომია (severe acute respiratory syndrome - SARS).


ეს ვირუსები ცხოველებსა და ადამიანებს შორის არის გადამდები. მაგალითად SARS კატისებრი ცხოველებიდან, ხოლო MERS კონკრეტულად აქლემიდან გადაედება ადამიანს.


ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსი 7 იანვარს გამოავლინა და მას 2019-nCoV უწოდა, ახალი სახის დაავადება, რომელიც მანამდე ადამიანის ორგანიზმში არ იყო იდენტიფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით მწირი ცნობებია, დადასტურებულია, რომ იგი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.


რა სიმპტომები გააჩნია ვირუსს?


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ინფექციის ნიშნები რესპირატორული სიმპტომებია - ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.


რამდენად სასიკვდილოა?


ზოგიერთი ექსპერტის თქმით, კორონავირუსის ეს სახეობა შესაძლოა არ იყოს იმდენად სასიკვდილო, რამდენადაც სხვა ტიპის კორონავირუსები, მაგალითად SARS, რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში დაახლოებით 800 ადამიანი შეიწირა, რაც აგრეთვე ჩინეთიდან წარმოიშვა.


MERS, რომელიც ფართოდ არ გავრცელებულა, უფრო სასიკვდილო აღმოჩნდა, რადგან დაავადებულთა მესამედის დაღუპვა გამოიწვია.


სად დაფიქსირდა შემთხვევათა უმეტესობა?


ვირუსული შემთხვევების უმეტესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით 17 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ჰუბეის (Hubei) პროვინციის დედქალაქ ვუჰანში ცხოვრობდნენ.


ჩინეთს გარეთ 4 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, მაშინ როდესაც სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა თითო შემთხვევა დააფიქსირეს მათ ტერიტორიებზე.


ზემოხსენებული ვირუსის ყველა მატარებელი ადამიანი უკანასკნელ პერიოდში ქალაქ ვუჰანში იყო ნამყოფი.


რა ქმედებები ხორციელდება გავრცელების შესაჩერებლად?


ამ ეტაპზე შესაბამისი ვაქცინა არ არსებობს. ჩინეთის ხელისუფლებამ ეფექტურად შეძლო ვუჰანის მიმართულებით ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება. გარდა ამისა, ქალაქი მცხოვრებლების განსაკუთრებული, დასაბუთებული მიზეზის გარეშე დასახლების ტერიტორიას არ ატოვებინებენ.


ჩინეთის მთავრობამ გააძლიერა მონიტორინგი და სადეზინფექციო  სამუშაოები მთვარის ახალი წლის წინა პერიოდში, რომელიც ოფიციალურად პარასკევს იწყება და 1,4 მლრდ-იან სახელმწიფოში უამრავი ადამიანი გეგმავს შიდა და საგარეო მოგზაურობებს.


აზიის აეროპორტებში, მათ შორის იაპონიაში, ჰონგ კონგში, ტაილანდში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და მალაიზიაში დაჩქარებული წესით ხორციელდება მგზავრთა სკრინინგი.


ევროპაში - დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში განაცხადეს, რომ ვუჰანიდან განხორციელებულ ფრენებზე ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებენ, ამავდროულად რუმინეთი და რუსეთიც აძლიერებენ შემოწმების ღონისძიებებს.


აშშ-ის რამდენიმე აეროპორტშიც დაიწყეს შესაბამისი შემოწმების პროცედურები.


საიდან წარმოიშვა ვირუსი?


ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოები ამ ეტაპზეც ცდილობენ დაადგინონ ვირუსის წარმოშობის წყარო, რომელიც მათი ვარაუდით, ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა, სადაც პროდუქციის არალეგალური ვაჭრობა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ვირუსის პირველად წყაროდ ცხოველებს ასახელებს.


არსებობს ინფორმაცია ვირუსის რესპირატორული გადაცემის შესახებ ადამიანიდან ადამიანზე. ჩინეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 15 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა.


რა მოლოდინები არსებობს?


ხუთშაბათს საზოგადოება ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გაავრცელებს. 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები