• Ƀ/$

ევრო ზონაში კერძო სექტორის ზრდა მინიმუმზეა

23 მაისი 17:40, 2018 წელი | ანალიტიკა

ევრო ზონის კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ბოლო 18 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა.

სუსტი ინფლაციის ფონზე, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყება გადადოს და ეკონომიკის სტიმულირება გააგრძელოს.


როიტერსის მიერ გასულ თვეში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას წელს დაასრულებს, ევროზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას კი მომავალი წლიდან დაიწყებს. თუმცა ეს ვარაუდი მხოლოდ ანალიტიკოსების და ეკონომისტების პროგნოზებზე იყო დაფუძნებული და არ არის გამორიცხული, ახალი რეალობიდან გამომდინარე შეიცვალოს.


„IHS მარკიტის“ მონაცემები უჩვენებს, რომ ევრო ზონაში მრეწველობის და მომსახურების სფეროების ჯამური მოცულობის ინდექსი, აპრილის 55.1-დან მაისში 54.1-მდე შემცირდა. ეკონომისტების პროგნოზით, აღნიშნული ინდექსი 55.0 უნდა ყოფილიყო.


მომსახურების სფეროს შესყიდვების ინდექსი აპრილის 54.7-დან მაისში 53.9-მდე შემცირდა. პროგნოზით, აპრილის დონის შენარჩუნება იყო ნავარაუდები. ასევე შემცირდა მრეწველობის შესყიდვების ინდექსი, რომელიც აპრილის 56.2-დან მაისში 55.5-მდე შემცირდა.


ცნობისათვის, როდესაც აღნიშნული ინდექსები 50-ზე მაღლაა, ეს ეკონომიკის ზრდის მანიშნებელია, ამ ზღვარს ქვემოთ ჩამოსვლა კი ეკონომიკის კლებას აჩვენებს.


„IHS მარკიტის“ მთავარი ეკონომისტი კრის უილიამსონი განმარტავს, რომ ბიზნესს უჩვეულოდ ბევრი დასვენების დღის გავლენა დაეტყო. ასეა თუ ისე, ანალიტიკოსები და ინვესტორები სულ უფრო მეტად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ევრო ზონის ეკონომიკა გარკვეული რისკების ქვეშ მოექცა. თუმცა მათი უმეტესობა თვლის, რომ ეს დროებითი მოვლენაა.


სხვა სიახლეები