• Ƀ/$

ჰიდრო რესურსები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის – პანკისში ვითარება კვლავ მწვავე ფაზაშია

21 აპრილი 15:57 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ენერგეტიკის განვითარების ფონტში მიიჩნევენ, რომ წყლის, მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ფონდის ხელმძღვანელი „ხადორი-3 ის მშენებლობასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


„ენერგეტიკის და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი.  მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის,  მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.


მისი განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და  ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს `ხადორი ჰესის` მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი  კომუნიკაცია“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


ვითარების გამწვავება პანკისში


პანკისის ხეობაში , სოფელ დუისთან მცირე ჰესის მშენებლობის პროცესი, რომელიც კომპანიებმა "ალაზანი ენერჯი"-მ და "ფერი"-მ დღეს, 21 აპრილს დაიწყეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა და მშენებლობის პროცესი შეაფერხეს. ვითარების გამწვავების გამო შსს–მ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვა.


თავდაპირველად, პოლიციის კორდონს ადგილობრივებმა ქვეყი და ხელკეტები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. ვითარება პიკს რამდენჯერმე აღწევდა. ამის შემდეგ თელავში შს მინისტს, მის მოადგილესა და პანკისელების წარმომადგენელ სამ მოქალაქეს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.


ამის შემდეგ ვითარება კვლავ იძაბება და ადგილობრივებმა სამშენებლო მძიმე ტექნიკას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით გაუჩინეს ცეცხლი. ასევე დაწვეს პოლიციის რამდენიმე ავტომობილი. ადგილობრივებმა პოლიციის სპეცრაზმის პიკაპებიც გადააბრუნეს და დაატვრიეს.


ბოლო მონაცემებით, თელავიდან პანკისის ხეობაში შს მინისტრი გიორგი გახარია მიემგზავრება.


სხვა სიახლეები