• Ƀ/$

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა

4 ივნისი 12:42 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5%-ით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.


2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.54% - საშუალოზე, ხოლო 28.1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3%, საშუალოზე - 24.8%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9%.


საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის I კვარტალში 14.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8.8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტი).
2019 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 %-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.3% ქალია, ხოლო 57.7% - კაცი.



მსგავს თემაზე:

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ვაჭრობის სფერო ლიდერობს



სხვა სიახლეები