• Ƀ/$

სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივას ირანში ეძებს

10 ივლისი 15:02 | ეკონომიკა

სომხეთი ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხებზე მოლაპარაკებებს ირანთან აწარმოებს.

რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის თქმით, უახლოეს მომავალში ირანიდან ერევანში სპეციალისტთა ჯგუფს ელოდებიან, აღნიშნული თემაზე დეტალური საკითხების განსახილველად.


„ამჟამინდელი მდგომარეობით არ შემიძლია დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება, რადგან თემაზე საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყო, აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, მას დამუშავება სჭირდება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გაგრძელება“,  - აღნიშნა გრიგორიანმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, სომხეთისთვის იდეალური ვარიანტია - იმპორტირებული გაზის სანაცვლოდ, ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს.


„ამჟამინდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მისაღები ვარიანტი - ეს არის ბუნებრივი აირის გაცვლა ელექტრო ენერგიაში. სხვა შესაძლო კომპონენტები ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და სამომავლო მოლაპარაკებების საგანი გახდება, შესაბამისად დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ წარმოვადგენ“, - დასძინა მჰერ გრიგორიანმა.


იმპორტი ტრანზიტის პერსპექტივით?


მანამდე, თებერვალში, სომხეთისა და ირანის ლიდერებმა ფაშინიანმა და როიჰანიმ საქართველოში სომხეთის გავლით ირანული გაზის ტრანზიტზე ისაუბრეს. ამ თემას ირანისა და სომხეთის ლიდერები ნიკოლ ფაშინიანის თეირანში 27 თებერვლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეეხნენ.


ოფიციალურ შეხვედრაზე ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა სომხეთთან თანამშრომლობის მუდმივ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თეირანი ერევანთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მომხრეა.


ლიდერებმა, გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სფეროებში. ჰასან როუჰანიმ მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს სომხეთისთვის გაზის მიწოდება და სომხეთის გავლით ცისფერი საწვავის საქართველოში ექსპორტის შესაძლებლობაც ახსენა.


თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზადაა თეირანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ხელს შეუწყობს ირანის ბუნებრივი გაზის საქართველოში ტრანზიტს.


ავტორი: რატი ერისთავი  #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები