• Ƀ/$

აზერბაიჯანის რესპუბლიკა მსოფლიო რუკაზე: გამოწვევები, რისკები, პრიორიტეტები

16 მარტი 17:19 | ანალიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმ 3 „დიდი მოთამაშის“ (თურქეთი, ირანი, რუსეთი) მოსაზღვრე სახელმწიფოა, რომლებიც რეგიონალური დღისწესრიგის ფორმირებაზე ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის საზღვაო საზღვარი კასპიის დანარჩენი 4 ქვეყნის (ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი) პირდაპირი მოსაზღვრეა. შესაბამისად ოფიციალური ბაქო, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებთან, სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობლის როლის მორგებას ცდილობს.


რეგიონალური და საერთაშორისო გეოპოლიტიკის კონტექსტში


აზერბაიჯანისთვის ყველაზე მისაღები, ნაყოფიერი და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი და სამმხრივი ფორმატებია. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაქო უფრო დიდ გაერთიანებებს სრულად არის ჩამოშორებული, თუმცა, როგორც წესი, ის „ზენაციონალური“ სტრუქტურებისგან დისტანცირებულია.


ყველაზე წარმატებულ სამმხრივ ურთიერთობათა ფორმატებს შორისაა: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი, აზერბაიჯანი-ირანი-თურქეთი, აზერბაიჯანი-თურქეთი-თურქმენეთი და ცოტახნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი, აზერბაიჯანი-რუსეთი-ირანი.


რაც შეეხება მრავალმრხივ ფორმატებს, აზერბაიჯანი მონაწილეობს თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოში, კასპიის ურთიერთთანამშრომლობის ხუთმხრივ ფორმატში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ამასთან, ის ჩართულია დსთ-ის, ეუთოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „მიუმხრომლობის მოძრაობის“ საქმიანობაში.


აზერბაიჯანის რესპუბლიკა გლობალური მასშტაბით საკმაოდ „აქტიურ“ ზონაში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე რეგიონალური კონფლიქტია, მის სამეზობლოში - ირანში, ერაყში, სირიაში, ავღანეთში საერთაშორისო დონის დაძაბულობის კერები არსებობს.


სწორედ ზემოხსენებული რისკ-ფაქტორები ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ოფიციალური ბაქოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე.


აზერბაიჯანი ცდილობს ნაკლები მონაწილეობა მიიღოს „პოლიტიკურად ტურბულენტურ“ პროცესებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მისი უშუალო მეზობლების - რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.


ბაქოში ყოველთვის ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია შექმნან არამხოლოდ საკუთარი, არამედ სამეზობლოსთვის აუცილებელი უსაფრთხო გარემო.


ეს გამოწვეულია იმით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო აზერბაიჯანს სომხეთთან ხანგრძლივი, მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს და მისთვის დამატებითი „გეოპოლიტიკური რყევები“ საფრთიხ შემცველია არამხოლოდ საგარეო მიმართულებით, არამედ შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკებიდან გამომდინარე.


საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური კომპონენტი


აზერბაიჯანში თვლიან, რომ მათი ეკონომიკური კავშირები მეზობლებთან და რეგიონალურ მოთამაშეებთან დიდწილად 2 ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: ენერგორესურსების სიმდიდრე და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა (ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა; ჩრდილოეთ ევროპა-რუსეთი-ინდოეთის ოკეანე და პირიქით).


ძირითადი რეგიონალური პროექტები, რომლებშიც აზერბაიჯანი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს არის ე.წ. სამხრეთის გაზის დერეფანი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.


აღნიშნული მილსადენები ოფიციალურ ბაქოს აძლევს საშუალებას ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპის არაერთ სახელმწიფოსთან (უკრაინა, ბულგარეთი, მოლდოვა, სერბეთი, ჩრდ. მაკედონია, იტალია, ალბანეთი და ა.შ.), ასევე თურქეთთან და ისრაელთან, რაც მათ აზერბაიჯანის მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებად აქცევს.


ეკონომიკური მიმართულებით აზერბაიჯანს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს რუსეთთან და თურქეთთან. ბაქოში თვლიან, რომ მოსკოვთან მათი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია.


რაც შეეხება თურქეთს, აზერბაიჯანი ამ სახელმწიფოს ეკონომიკაში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას ცდილობს და მისთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. აზერბაიჯანი და თურქეთი, საქართველოს გავლით, ისეთი დიდი პროქტებით უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორებიც იგივე „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ტრანსაზიური ბოჭკოვანი კაბელია.


უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები


სომხეთთან არსებული სამხედრო კონფლიქტი პირდაპირ განსაზღვრავს აზერბაიჯანის უსაფრთხოების ხედვებს.


2007 წლის 23 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა საშუალებით“.


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, დღესდღეობით ბაქო ძირითადად მოლაპარაკებების პროცესზეა ორიენტირებული. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არასდროს დაუმალავს, რომ იტოვებს უფლებას სომხური ჯარების მიერ 1992-1994 წლებში ოკუპირებული ტერიტორიები ძალის გამოყენებით გაათავისუფლოს, გაეროს წესდების 51 თავის გათვალისწინებით.


თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად/გასავითარებლად, აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, თურქეთთან, ისრაელთან, ბელარუსთან, პაკისტანთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და სხვა სახელმწიფოებთან.


უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონკრეტული სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან ერთობლივი შეირაღებული წვრთნების ჩატარება. მაგალითად, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროების ყოველწლიური სამეთაურო-საშტატო წვრთნების ფორმატი „Eternity”, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიური არწივი“, აგრეთვე წვრთნები რუსეთთან, ყაზახეთთან და ა.შ. კასპიის კონტექსტში.


მომდევნო წლების მანძილზე აზერბაიჯანული დიპლომატია ძირითადი ძალიხსმევის კონცენტრირებას კვლავ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე გააკეთებს. ამავდროულად, ეცდებიან გააძლიერონ საკუთარი მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონალური დღისწესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში. ტრადიციულად - ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაზე, კულტურათაშორისი დიალოგების უზრუნველყოფაზე და რეგიონის „დიდ მოთამაშეებთან“ ურთიერთქმედებაზე.


აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი რესურსი დაიხარჯება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თემაზე, ირანზე და რუსეთზე.


 


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები