• Ƀ/$

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება

24 ივნისი 22:12 | INTERNET დაიჯესტი

 „კურიერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია და ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

 

ახვლედიანის ადვოკატის მზია ქასრაშვილის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატის ინფორმაციით, ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია.


მზია ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო ღამეს, მათ წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. შავი ფერის "ტოიტა" და ვერცხლისფერი "მერსედესი". ადვოკატის თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და ახვლედიანს რკინის ხელკეტით გაუსწორდა.


ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.


დღეს კი აღიარა, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო. ადვოკატი არ ადასტურებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.


„მერსედესის“ მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.


"კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის "ტოიოტაში", ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.


დღეს "კურიერმა" კიდევ ერთი დეტალი გაარკვია. ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთნ და სავარაუდოდ, რკინის ხელკეტით ნაცემ ვახო ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდა, ფარდულში იმალებოდა.


შესაძლოა, მან კარგად იცოდეს, რა მოხდა ბურუსით მოცულ საბედისწერო ღამეს, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი დუმილს ამჯობინებს. "კურიერის" ინფორმაციით ის თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამოიყვანა.


დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, რომელიც საექსპერტო ბიუროში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.


ექსპერტიზაზე საქმის სხვა ფიგურანტებიც იყვენენ, რომელთა ნაწილი გიორგი შაქარაშვილს წვეულებაზე პირველად შეხვდა. ახალგაზრდების ნაწილს მძიმე დაზიანებები ჰქონდათ, ნაწილს კი არაფერი აღენიშნებოდა.


 

სხვა სიახლეები