• Ƀ/$

ანკარა უკან არ დაიხევს - იდლიბის დეესკალაციის ზონაში ვითარება მწვავეა

12 თებერვალი 14:59 | ანალიტიკა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, იდლიბის დემილიტარიზაციის ზონაში გამწვავებული სიტუაცია სატელეფონო საუბრით განიხილეს და კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.


„ორი ქვეყნის ლიდერს შორის, სირიის კრიზისის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე დისკუსია გაგრძელდა. პირველ რიგში ეს ეხება იდლიბის დემილიტარიზაციის ზონას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია თურქულ-რუსული შეთანხმებების, მათ შორის 2018 წლის 17 სექტემბრის სოჭში ხელმოწერილი მემორანდუმის სრულად შესრულება. ამ მიმართულებით ანკარისა და მოსკოვის შესაბამისი უწყებები დამატებით, მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან“, - ნათქვამია განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის ჩრდილოეთში არსებული თურქული სადამკვირვებლო პუნქტი დაბომბეს, რასაც 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა; 3 თებერვალს განხორციელებული შეტევის დროს კი 7 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა.


ერდოღანი ასადს და პუტინს ემუქრება


ოთხშაბათს, 12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AK) საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.


ერდოღანის თქმით თურქეთი საპასუხო კონტრშეტევით ზომებს მიიღებს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილოეთით, როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერის გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუ სამომავლოდ ერთი თურქი ჯარისკაციც დაზარალდება.


პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი იდლიბის პროვინციაში ასადის არმიის შეკავებას გეგმავს და მათ ნებისმიერი საჭირო საშუალებით თურქულ სადამკვირვებლო პუნქტების მიღმა „განდევნის“.


„იდლიბის დეესკალაციის ზონაში შეტევების უმეტესობა არა ტერორისტების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება. ასადის რეჟიმის ძალები რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით თავს ესხმიან მოქალაქეებს. ანკარას გადაწყვეტილი აქვს სირიის სამთავრობო არმიის განდევნა დეესკალაციის ზონის გარეთ. ჩვენ არ ვაპირებთ პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას და ვერ ვიქნებით გულგრილები იდლიბის მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგედიის მიმართ. სირიის თაობაზე თურქეთთან დადებული ყველა შეთანხმება იგნორირებულია. იდლიბის დემილიტარიზაციის ზონაში დღემდე უკვე 18 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ 45 დაშავდა. ამიერიდან ანკარა არა ხელშეკრულებების პირობების, არამედ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით იმოქმედებს. ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიან შეტევებს ასადის ძალების წინააღმდეგ, ყველგან, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაშავდება, გამოვიყენებთ ყველა საჭირო საშუალებას, იქნება ეს ხმელეთი თუ ჰაერი, რომ განვახორციელოთ კონტრშეტევა სირიის სამთავრობო არმიაზე. თურქეთი მზადაა თებერვლის ბოლოს ასადის ძალები გაიყვანოს ჩვენი სადამკვირვებლო პუნქტების გასწვრივ, იდლიბის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში“, - აღნიშნა თურქმა ლიდერმა.


მოსკოვთან დადებული 2018 წლის შეთანხმების ფარგლებში, ანკარამ იდლიბში 12 სადამკვირვებლო პუნქტი შექმნა. სირიის მთავრობის შეტევების შედეგად თებერვალში 13 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რასაც თურქეთის მხრიდან საპასუხო შეტევები მოჰყვა.


სამშაბათს, 11 თებერვალს, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობას „ძალიან მაღალი ფასის“ გადახდა მოუწევს მისი თავდასხმების გამო.


რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სახელისუფლებლო ძალები მასიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბსა და ალეპოს მიმდებარე ტერიტორიებზე, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და 700 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. ამასთან ერთად დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.


2018 წლის სექტემბერში, სოჭში გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაცია/დემილიტარიზაციის ზონას წარმოადგენს, სადაც სამხედრო მოქმედებები პირდაპირ აკრძალულია.


ზემოხსენებული მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 12 იანვრიდან მოყოლებული თავდასხმებს ახორციელებენ ამ ტერიტორიებზე. სამხედრო კონფრონტაციამ კვლავ დაძაბა ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის, როს გამოც ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კავშირები ხორციელდება.


ერაყის ოპერაცია სირიისა და იორდანიის საზღვრების გასწვრივ


ოთხშაბათს, 12 თებერვალს, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა სირიისა და იროდანიის საზღვრების გასწვრივ კონტრტერორისტული ოპერაცია „ერაყელი გმირების“ პირველი ეტაპი დაიწყეს.


ამ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ისინი აგრძელებენ მოქმედებებს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ და სადაზვერვო მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებენ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებს. მათი თქმით, სირიისა და იორდანიის საზღვრების გასწვრივ არსებული მდგომარეობა დაუყონებლივ ყურადღებას მოითხოვს და საკითხი ამ მხრივ არის აქტუალური.


2017 წლის დეკემბერში ბაღდადში განაცხადეს, რომ მათი ქვეყნის ტერიტორია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულად არის გათავისუფლებული. მანამდე ერაყის სახელისუფლებლო ძალები თითქმის 3 წელზე მეტხანს აწარმოებდნენ ომს „დაიშის“ წინააღმდეგ, რომელსაც დაახლოებით ქვეყნის მესამედი ჰქონდა დაკავებული.


ამ ეტაპზე ოფიციალური ბაღდადი ISIS-ის ნარჩენი ელემენტებისგან წმენდს სახელმწიფოს ტერიტორიას, რათა არ მოხდეს ტერორისტული საფრთხეების ზრდა. არსებული ინფორმაციით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული რისკები სირიის საზღვრის გასწვრივ არსებობს, სადაც ე.წ. სახალხო მობილიზაციის ძალებია განლაგებული.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

თურქეთი იდლიბში სირიის რეჟიმის წინსვლას არ დაუშვებს


თურქეთ-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები - იდლიბი, როგორც „გამყოფი წითელი ხაზი“


ნატო იდლიბში მიმდინარე ოპერაციას ეხმაურება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი