ირაკლი ერაძე: კომისიის საქმიანობით დადასტურდა, რომ "ლიბერთის" პროცენტი საპენსიო სესხზე საბაზრო იყო

ფინანსისტი

"კომისიის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღეთ ის, რომ ბანკი რეპუტაციულად დაზიანდა, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევისა და 15 მილიონის გაღების გარეშე საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ვერ შემცირდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი ერაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდა, უამრავ კითხვას აჩენს, რადგან უცნობია რა კომპონენტების დაჯამებითა და რისკების გათვალისწინებით შეჯერდნენ კომისიის წევრები ამ კონკრეტულ ნიშნულზე.

„სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით შემცირებისას. წელიწადში, საშუალოდ 30-40 ლარზეა საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, შეღავათია ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში თანაც ისეთი სეგმენტისთვის როგორიც პენსიონერია, უბრალოდ, მე როგორც ფინანსისტს უფრო ის მაინტერესებს როგორ დათვალა კომისიამ ეს პროცენტი.

ვინც ამ საკითხში ჩახედული ვართ, ყველამ ვიცით, რომ ბანკი რაღაც რისკების შეჯამებით ადგენს პროცენტს მის ნებისმიერ პროდუქტზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ დაითვალა კომისიამ. ამას დავუმატოთ 15 მილიონი, რომელიც, ფაქტობრივად, სუბსიდიაა. ესეც საკითხავია რამდენად საკმარისია ეს 15 მილიონი ხარჯებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა ბევრმა ბანკმა გამოთქვას ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რადგან ეს მაინც წამგებიანი იქნება კომერციული ბანკებისთვის და მხოლოდ ისინი მოახერხებენ პენსიის მიწოდებას, ვისაც მეტი დივერსიფიკაციის საშუალება აქვს და ვისაც აქვს უნარი ამ საპენსიო სესხებზე დანაკლისი სხვა პროდუქტებით შეავსოს და დააბალანსოს“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

ირაკლი ერაძის თქმით, კომისიის საქმიანობით დადასტურდა, რომ სესხები, რომელსაც „ლიბერთი“ გასცემდა იყო საბაზრო, ადეკვატური და მისი საპროცენტო განაკვეთის შემცირება სახელმწიფოს ჩართულობისა და 15 მილიონის დამატების გარეშე შეუძლებელი იყო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების განცხადებებმა ბანკის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა პრობლემის გადაჭრის გზა კი კვლავ ბუნდოვანია.

„დადასტურდა, რომ ის პროცენტი, რამდენშიც „ლიბერთი“ გასცემდა სესხებს, საბაზრო იყო. დაახლოებით ასეთივე პროცენტია სხვა ბანკებშიც ამ ტიპის არაუზრუნველყოფილ, სამომხმარებლო სესხზე.

გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზად. მე ველოდები, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ვნახავთ რომელი პოლიტიკური პარტია შეეცდება უფრო მაგარ ბიჭად გამოჩნდეს, რადგან მათ მოახერხეს და წლიური 30 ლარით შეუმცირეს მოსახლეობას ხარჯი“, - აღნიშნა ირაკლი ერაძემ.