„170 ათასი მომხმარებელი გვყავს, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გავცეთ?! - სავარაუდოდ, თბილისში თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება“

ბიზნესი 1777361926
თხევადი გაზი

„სავარაუდოდ, დედაქალაქში თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტების დაჯარიმების პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში უკვე თითქმის ერთი თვეა, თხევადი გაზის ავტოგასამართ სადგურებს აჯარიმებენ. ამ დროის განმავლობაში, ფულადი სანქცია რამდენიმე ათეულ სადგურს შეეხო, ობიექტების ნაწილმა კი ფუნქციონირება შეწყვიტა. საჯარიმო თანხის მოცულობა 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

თხევადი გაზის სექტორი კრიზისში – რა ხდება ბაზარზე

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მონიტორინგი ახალი რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება/რეალიზებას ეხება.

„მუნიციპალური ინსპექცია დედაქალაქში ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებისა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებული თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებენ საქმიანობას,“ - ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა, ჯერჯერობით არ არსებობს ალტერნატიულ ლოკაციებზე გადასვლის გეგმა, რადგან აღნიშნულ პროცესს ინსპექციასთან სწორი კომუნიკაცია და ლოგიკური დრო სჭირდება.

„ვითარება უცვლელია. დაჯარიმებები გაფრთხილების გარეშე გრძელდება. მერიასთან კომუნიკაცია არ გვაქვს. გაუგებარია, ეს კანონი ჩვენ მიმართ, თანაც ამ ფორმით რატომ აამოქმედეს.

თუ მეორადი მანქანებისა და ნაწილების რეალიზატორებთან, ამ სფეროში დასაქმებულ პირებთან 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მათ ალტერნატიულ ადგილებს ან შესაძლებლობებს სთავაზობდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ?!

თითო სადგურზე ჯარიმა 2500-დან 5000 ლარამდეა. თბილისში, ფაქტობრივად, ყველა ობიექტი დაჯარიმებულია, განმეორებითი ჯარიმები კი, როგორც ვიცი, უფრო მაღალია. ბევრმა უკვე შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დატვირთვა დარჩენილ ობიექტებზე გადანაწილდა.

გაურკვეველია, როგორ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, როდესაც სანქციები სულ უფრო მზარდია. 170 000 მომხმარებელი გვყავს, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გავცეთ?!

მიზანი ისაა, რომ ტერიტორია დავტოვოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „ცალ კარში ვთამაშობთ". არ გვაქვს უკუკავშირი იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა წავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ.

სავარაუდოდ, დედაქალაქში გაზსადგურები დაიკეტება, თუმცა მერიამ უნდა გვითხრას, სად გადავიტანოთ ობიექტები. რასაც გვეტყვიან, იმას გავაკეთებთ, ოღონდ უნდა გვითხრან.

პირობითად ჩავთვალოთ, რომ გადატანა ლილოს მიმდებარედაა შესაძლებელი. ერთი საკითხია, საბურთალოდან ლილოში წავა მომხმარებელი, ჩაისხამს გაზს და უკან წამოვა? - ეს ხომ აბსურდია.

თუმცა, სადაც არ უნდა იყოს დასაშვები ჩვენი ფუნქციონირება, ობიექტის თავიდან მოწყობას დრო სჭირდება. აუცილებელი პროცესია, მიწისქვეშა განლაგების რეზერვუარების სხვა ქვეყნიდან შემოტანა. უნდა შეუკვეთო ქარხანას, მან უნდა დაამზადოს და შემდეგ ოპერატორებმა ჩამოიტანონ საქართველოში. ამ ყველაფერს დრო არ სჭირდება?!

ამასთან, საჭიროა გარკვეული ნებართვები მუნიციპალიტეტისგან. მათვე უნდა გასცენ სადგურის მოწყობის სამშენებლო ნებართვა. თუ მშენებლობის უფლებას არ მოგცემენ, ვერაფერს გააკეთებ. ნებართვის მარტივად მიღების შემთხვევაშიც კი, სხვა დანარჩენ პროცედურებს მაინც დიდი დრო მიაქვს.

თუ ამ დროს არ მოგცემენ და პირდაპირ ჯარიმებით მოგადგებიან, პროცესს გამართულად ვერ წარმართავ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით გადატანის გეგმა არ არსებობს და თუ კომუნიკაციაში არ შემოვლენ, ვერც იქნება. ჩვენ ვამბობთ, ლოგიკური ვადა საჭიროა“, - აცხადებს ნიკა ხოფერია.

BPN