"ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ტელევიზიის - „ტვ იმედისა“ და „პოს ტვ“-ს ეთერში" - „მეამა“

ბიზნესი 1772430235
მეამა

კომპანია „მეამა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპანიას არ უთქვამს უარი „ტვ იმედთან“ და „პოს ტვ-სთან“ თანამშრომლობაზე და ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში

„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „ტვ იმედთან“ და „პოს ტვ-სთან“ თანამშრომლობაზე.

კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეკომპანია - „იმედი“ და Postv 24 თებერვალს დაასანქცირა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.