1771408909
„ქართული ბაზარი გაჯერებულია თურქული და ჩინური ტომატითა და კიტრის მარინადებით“ - მარნეულის სასურსათო ქარხანა
„ქართული ბაზარი გაჯერებულია თურქული და ჩინური ტომატითა და კიტრის მარინადებით“ - ამის შესახებ მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმომადგენელმა, გიორგი მუსერიძემ პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიაზე განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის სასურსათო ქარხანა პროდუქციით ბაზრის ნაწილს ფარავს, თუმცა არა იმდენს, რომ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
„ჩვენს შემთხვევაში ბევრად კომპლექსურია საკითხი, რადგან ჩვენი ჯაჭვი იწყება მინდვრიდან, ვინაიდან ქვეყანაში არ არის განვითარებული ფერმერული მეურნეობები, ჩვენ ვერ ვახერხებთ ნედლეულის შესყიდვას, იქნება ეს კიტრი თუ პომიდორი იმისთვის, რომ ვაწარმოოთ და მივაწოდოთ ბაზარს. მინდვრის სამუშაოების ნაწილში მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, სასუქების ძირითადი ნაწილის იმპორტი ხდება თურქეთიდან და უკრაინიდან, ასევე თესლების იმპორტი ხდება ჰოლანდიიდან და ამერიკიდან. ფაქტობრივად, ამ ნაწილში სრულად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტებია შრომის დანახარჯები და საწვავის ხარჯი.
წარმოების ეტაპზეც ვართ დამოკიდებული იმპორტზე, შუშის ქილის ქვეყანაში შესყიდვას ვერ ვახერხებთ, ჩამოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, რაც საბოლოოდ ფასზე მოქმედებს. ვინაიდან გვიწევს ნედლეულის წყლით დამუშავება, მნიშვნელოვანი კომპონენტია მელიორაციაც. გვაქვს პრობლემა ისეთი, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გაყვანა ვერ მოვახერხოთ მინდვრებში. ისტორიულად ბევრი ზარალი გვქონია ამის გამო. ერთდღიანმა წყლის წყვეტამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს და იმ რაოდენობის მოსავალი ვერ მივიღოთ, რასაც ვიღებდით.
ჩვენი დარგი ხასიათდება სამუშაო კაპიტალის დიდი მოცულობით. შემოდგომას რომ ვთესავთ პომიდორს, უკვე ვიწყებთ ფულის ხარჯვას. ვინაიდან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გაზაფხულიდან სრულად გვაქვს დაფინანსებული მასალები, რაც ჩვენს თვითღირებულებაში 30-35%-ს შეადგენს. შემდეგ ვაწარმოებთ ზაფხულში, ვყიდით ერთი წლის განმავლობაში და ველოდებით ფულს როდის მივიღებთ. ეს ყველა კომპონენტი მოქმედებს საბოლოო ფასზე.
ვინაიდან თურქეთსა და ჩინეთში წარმოების მასშტაბები დიდია, ქართული ბაზარი ამ ეტაპზე გაჯერებულია თურქული და ჩინური ტომატითა და კიტრის მარინადებით. პროდუქტი მარტო ფასი არ არის, არის ხარისხიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ხარისხით გარკვეული ადგილი გვიკავია, მაგრამ არა იმხელა, რომ ბაზარზე გავლენა მოვახდინოთ. 6 კგ. პომიდორი სჭირდება 1 კგ. ტომატის მიღებას, იმ პირობებში, როდესაც გვიწევს პროდუქციის მოყვანა და ამის დაფინანსება, ეს ყველაფერი საბოლოოდ აწვება ფასს“, - განაცხადა გიორგი მუსერიძემ.
ცნობისთვის, ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა. საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ჩაერთო. ამასთან, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს ადგილობრივ მწარმოებლებს, რითეილერებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს და ნავთობიმპორტიორებს.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.



