„ქართული ყველის არქივი უნდა გავაკეთო, ვმუშაობ მის შექმნაზე“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ბიზნესი 1783748400
ქართული ყველი

„სანდო ყველის მწარმოებლების რეესტრი უნდა გავაკეთო. მას დავარქვი ქართული ყველის არქივი და ვმუშაობ მის შექმნაზე“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, თითოეულ მწარმოებელს შეამოწმებენ და ერთიან ბაზაში გააერთიანებენ. ამასთანავე, მწარმოებლებს მიენიჭებათ ხარისხი, რომელიც დარღვევების შემთხვევაში ჩამოერთმევათ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ამჟამად აღნიშნული ბაზის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„წვრილფეხაც და მსხვილფეხა პირუტყვიც არის ბიოლოგიური არსება, რომელსაც ყველა ის დაავადება, რაც ადამიანებს სჭირთ, შესაძლოა, დაემართოს. რიგი დაავადებებია და ყველაზე ვერაგი მათ შორის არის მასტიტი, რომელიც ცურის დაზიანებით იწყება. როგორ მოვიქცევი მე, თუკი შვილიშვილს უნდა მივცე მაგალითად ჩემ მიერ მოწველილი თხის რძე - მიუხედავად იმისა, რომ თხის რძე დედის რძესთან 100%-ით არის მიახლოებული, აუცილებლად ავადუღებ და თუ რაიმე ეჭვი გამიჩნდა, რომ თხას ცური დაუზიანდა და შეერია დაზიანებული ცურის რძე რძის მთლიან მარაგს, ორჯერ ავადუღებ. ყველა მავნე ბაქტერია მოკვდება ორჯერ ადუღებისას, ხან ამბობენ, რომ ორი ადუღებაც არ კმარა ასეთ დროს, მაგრამ ასეთი უსაშველო თუ არის ის კონკრეტული რძე, უნდა გადააქციოთ.

„ქართული ყველის არქივი უნდა გავაკეთო“

ზუსტად თუ არ ვიცი, რა ხელით მოიწველა რძე, რა ვედროში მოიწველა, როგორ გასუფთავდა ცხოველი, როგორ დაამზადეს ყველი, არის თუ არა პასტერიზებული, როგორ შეიფუთა და შეფუთვის შემდეგ სად ინახებოდა, არ ვიღებ ისეთ ყველს.

ყველაზე მაღალი საფრთხის მატარებელი რძის პროდუქტი არის ყველი, გადადის ბრუცელოზი, ასევე, სტაფილოკოკური მოწამვლა, რაც მომაკვდინებელია. ინდუსტრიულ ყველში ადვილია მიკვლევადობა, რადგან მწარმოებლებს რიგი მოთხოვნები აქვთ, მაგრამ იმავეს გლეხს არ სთხოვს სახელმწიფო, ამით მეწარმე თავად უნდა იყოს დაინტერესებული.

სანდო ყველის მწარმოებლების რეესტრი უნდა გავაკეთო. აუცილებლად ჩემ მიერ იქნებიან გადამოწმებულები მწარმოებლები. როგორც მივანიჭებთ ხარისხს, დარღვევების შემთხვევაში ისევე ჩამოვართმევთ. რძის შემოწმებიდან დაწყებული, შეფუთვამდე დასრულებული ბოლომდე გავყვებით პროცესს. არ არის მარტივი საქმე, მაგრამ უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ ერთიანი ბაზა. დავარქვი ამას ქართული ყველის არქივი და ვმუშაობ ამაზე“, - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

bpn.ge