რატომ არის მნიშვნელოვანი MVNO ოპერატორების შემოსვლა ბაზარზე - მარეგულირებლის განმარტება

ინტერნეტი

„პანდემია გამოკვეთა, რომ საკომუნიკაციო სექტორის განვითარება,  ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად აუცილებელია და რაც მთავარია უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრი განმარტავს, რომ აუცილებელია ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა არსებობდეს, მათ შორის, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის.

„მობილური ინტერნეტის ტრაფიკი მაგალითად, ბოლო 2 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა. ეს არის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომ მომხმარებლის ქცევა არსებითად შეიცვალა და დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე ქსელის გამტარობას. აბონენტებმა ისწავლეს განსხვავებული ქცევა.  ბევრი სერვისი გაციფრულდა, მოთხოვნა ძალიან დიდია.  გამოწვევები რაც დარგს აქვს და მომხმარებლის დონეზეც ჩანს არის ის, რომ მაღალი გამტარობისას ოპერატორები ვეღარ უზრუნველყოფენ  სიჩქარეს და პიკური დატვირთვის პერიოდებში შესაძლოა იყოს ქსელის წერტილოვანი ჩავარდნები. ეს არის გამოწვევა.  მეორე გამოწვევა არის ის, რომ ეკონომიკაში  სატელეკომუნიკაციო ბაზრის ზომა 2-ჯერ პატარაა ჩვენი ზომის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს აჩვენებს, რომ არსებობს განვითარების შესაძლებლობები. სწორედ, მცირე და საშუალო  ოპერატორების მობილურ ნიშებში დაკავება გაზრდის ეკონომიკაში სექტორის წილს“, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის MVNO ოპერატორების შემოსვლა ბაზარზე აუცილებელი.

შეგახსენებთ, მსხვილ მობილურ ოპერატორებს 1 წლით გადაუვადდათ ვადა MVNO ოპერატორებისთვის ოფერის შესათავაზებლად.

ცნობისთვის, MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.

ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას.

მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს.

2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლას უარყოფითად აფასებს "მაგთი". კომპანიამ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა მოსაზრება. 

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი