მასკი: ჩემი ვაჟი „მოკლეს“, ის „გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლა

ამერიკელი მილიარდერი, Twitter-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერის, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა მისი შვილის მიერ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ მასკის ვაჟმა, ქსავიემ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ის ვივიან ჯენა უილსონია. ინფორმაციას foxnews.com ავრცელებს.

მასკის თქმით, ეს „გაღვიძებული გონების ვირუსია“, რომელმაც გადატანითი მნიშვნელობით, „მისი შვილი მოკლა“.

მასკს კომენტარი სთხოვეს, თუ რას ფიქრობს ის ექიმებზე, რომლებიც ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს უკეთებენ. ამ პრაქტიკას ჟურნალისტმა ჯორჯ პეტერსონმაც და ილონ მასკმაც „ბოროტება“ უწოდეს.

მასკის თქმით, მისი შვილის მაგალითმა, რომელიც ოპერაციამდე იყო ქსავიე, ხოლო ახლა არის ვივიან ჯენა უილსონი, მას თვალები აუხილა და „გაღვიძებული გონების ვირუსის“ განადგურების პირობა დადო.

„ეს ჩემს უფროს ვაჟს დაემართა, მე ფაქტობრივად, მოტყუებით ხელი მომაწერინეს დოკუმენტებზე, რომლებიც ქსავიეს ეხებოდა. მაშინ COVID-ის პანდემია იყო, ბევრი რამე სპონტანურად და არეულად ხდებოდა და მე მითხრეს, რომ თუ ქსავიე ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლას“, - განაცხადა მასკმა

„ანუ ეს სიცრუე იყო?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა.

„დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მასკი ამბობს, რომ მას არ აუხსნეს, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, სინამდვილეში სტერილიზაციის პრეპარატებია, რაზეც მას თანხმობა არ მიუცია.

„მე ფაქტობრივად შვილი დავკარგე. ამ პროცესს დედნეიმინგი ტყუილად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი, ქსავიე, მოკლეს, ის „გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლა“, - ამბობს ილონ მასკი.

მასკის თქმით, დადასტურებულია, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები ბიჭებში ფერტილურობის პრობლემებს იწვევს. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მოქმედება მუდმივია და მისი უკან შემობრუნება შეუძლებელია.

18 წლის ვივიან მასკმა ქამინგ-აუთი 2022 წლის ივნისში გააკეთა. პარალელურად მან სახელი ქსავიე ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე გადავიდა.

„არ მსურს ჩემს ბიოლოგიურ მამასთან რამე საერთო მქონდეს, გარეგნობით ან ფორმით“, - განაცხადა ვივიანმა.

მასკმა ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში მდებარე შტაბ-ბინის ტეხასში გადატანა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორის, ჰევინ ნიუსომის კანონპროექტს უკავშირდება, რომლის მიხედვით სკოლებს ეკრძალებათ მოსწავლეთა მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ისინი სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელს ცვლიან ან სხვანაირად აღნიშნავენ საკუთარ სქესს, რომელიც განსხვავდება იმას, რაც სკოლის საბუთებშია მითითებული.

„ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო“, - განაცხადა მასკმა, რომელმაც კალიფორნიიდან ტეხასში შტაბ-ბინის გადატანის მიზეზი ახსნა.

newshub.ge