პირველად ავიაისტორიაში - IndiGo ქალ მგზავრებს მამაკაცის გვერდით დასხდომაზე არჩევანის საშუალებას აძლევს

IndiGo

ინდური ავიაკომპანია, IndiGo პირველია მსოფლიოში, რომლის ახალი ფუნქცია ქალებს რეგისტრაციის დროს არჩევანის საშუალებას აძლევს, რომ თვითმფრინავში მამაკაცის გვერდით არ დასხდნენ.

ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი ფუნქცია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში პირველია, რომლის საშუალებითაც ადგილების ონლაინ შერჩევის დროს ქალები სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლების უკვე შერჩეულ ადგილებს ხედავენ. მამაკაცებისთვის ასეთი ინფორმაცია დახურულია და ონლაინ რეგისტრაციის დროს ისინი მხოლოდ ხელმისაწვდომ ადგილებს ხედავენ.

კერძოდ, ონლაინ რეგისტრაციისას ქალი მგზავრები თვითმფრინავში ადგილების სტანდარტულ განლაგებას ხედავენ, რაც სხვა ავიაკომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ სხვა ქალების მიერ უკვე დაკავებული ადგილები ვარდისფრად არის მონიშნული.

ცვლილება მიზნად ისახავს, ქალებმა, განსაკუთრებით, მეგობრებისა და ოჯახის გარეშე მოგზაურობის დროს თავი კომფორტულად იგრძნონ, რაც, IndiGo-ს ცნობით, “ბაზრის კვლევის საფუძველზე იქნა შემოღებული და ამჟამად საპილოტე რეჟიმშია.”

Mirror წერს, რომ წინა გამოკითხვებით, როგორც მამაკაცები, ასევე, ქალები აცხადებდნენ, რომ საპირისპირო სქესის მგზავრის გვერდით ჯდომა რელიგიური მიზეზების გამო არ სურდათ, თუმცა ეს ოფიციალური პროცედურა არასდროს ყოფილა.

ახალი ფუნქცია აგვისტოში ავიაკომპანიის ყველა რეისზე ამოქმედდება.

ცნობისთვის: IndiGo ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეში, დაახლოებით, 2000 შიდა და საერთაშორისო რეისს ასრულებს.