1788509700
„5000 დოლარი და AI გჭირდება, რომ ხალხი მოატყუო - ხშირად უჭირთ აღიარება, რომ მოტყუებულები არიან, რის გამოც შესაძლოა უფრო მეტი თანხა დაკარგონ“ - როგორ ეძებენ მსხვერპლს ფინანსური პირამიდები
ფინანსური პირამიდების ორგანიზატორები მსხვერპლებს შემთხვევით არ არჩევენ - ისინი მიზანმიმართულად ეძებენ მოწყვლად ჯგუფებს, იყენებენ სოციალური ქსელების რეკლამას, საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებულ ავტორიტეტებსა და ადამიანების სურვილს, რომ ფინანსური მდგომარეობა სწრაფად და მარტივად გაიუმჯობესონ.
კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ როგორ ახდენენ თაღლითური სქემების ორგანიზატორები სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის იდენტიფიცირებას.
მისი თქმით, ისინი მოწყვლად ჯგუფებს მარტივად პოულობენ.
„რასაც ბოლო ხუთი-ექვსი წელია ვაკვირდები, აქ არის რამდენიმე მიმართულება, პირველი არის ასაკობრივი ჯგუფი. მაგალითად, პენსიონერები, სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც 40 წელს გადასცდნენ და ვერაფერს მიაღწიეს. მათ ეუბნებიან, რომ „აი, თქვენ რომ 40 წლის გახდით, ნახეთ, ახლა 40 წლის ადამიანებისთვის არის ეს პროგრამა“. რეკლამებში ეს ასე ჩანს.
გარდა ამისა, ფინანსური პირამიდები ხშირად იყენებენ რეგიონულ, რელიგიურ და სხვა სოციალური კუთვნილების ნიშნებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი უკვე ჩამოყალიბებული საზოგადოებებისა და მათში ავტორიტეტული ადამიანების გამოყენებაა.
დღეს ადამიანების მასშტაბურად მოსაზიდად ერთ-ერთ მთავარ იარაღად სოციალური ქსელები იქცა. რეკლამები ხშირად კონკრეტულად იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ფინანსურ სირთულეებს განიცდიან და სწრაფი გამოსავლის ძიებაში არიან.
ანუ, ისეთ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც ყოველთვის უჭირს, მუდამ ვალებშია და გასაჭირშია. ვისაც ცოტა მეტი ფული აქვს, ის ხვდება, რომ ეს ფული შეიძლება ადვილად დაიკარგოს და ამიტომ ერიდებიან,“ - ამბობს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისი თქმით, თაღლითური სქემების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანებს კონკრეტულ „ლეგენდას“ ან უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის რეალურ ღირებულებასაც ისინი ვერ ამოწმებენ.
„კრიპტოსამყაროში არის ძალიან ბევრი „სკამი“ (scam). მე 14 წელია კრიპტოსამყაროში ვარ და ვიცი, თაღლითებმა როგორ გადმოინაცვლეს 2017 წლის მერე კრიპტოში, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოკვდავებს კრიპტო რა არის, ვერ გაუგიათ, მაგრამ გაუგიათ, რომ ვიღაცები ბევრ ფულს შოულობენ. ამ „ჰაიპზე“ ატყუებენ ადამიანებს: „შენ დღეს რომ იყიდი ბიტკოინს, ხვალ მერსედესი მოგივა“,“ - აცხადებს ექსპერტი.
ალექს სუდაძის შეფასებით, ფინანსური პირამიდების მთავარი იარაღი ხშირად სწორედ იმ ცოდნის დაპირებაა, რომელიც თითქოს მხოლოდ სქემის მონაწილეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
„აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანებს ეუბნებიან "ნოუ-ჰაუს", რომელიც ვითომ სხვებმა არ იციან და მხოლოდ ჩემთვის არის. თუმცა, მსგავსი სქემების ყველაზე მძიმე შედეგი მხოლოდ ფინანსური ზარალი არ არის. დაზარალებულ ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ მოტყუებულები არიან, რის გამოც შესაძლოა დაკარგული თანხის დაბრუნების იმედით კიდევ უფრო მეტი ფული ჩადონ.
ჩემთან ყოველკვირა მოდიან დაზარალებული ადამიანები. კი, ვცდილობ რაღაცნაირად დავეხმარო, მაგრამ ის დაზარალებულ ადამიანი თავის სამყაროშია უკვე გასული და როცა რეალობას ეუბნები, გინდა დაარწმუნო, რომ მან შეცდომა დაუშვა, აღიაროს ეს და რაც დაკარგა, იმაზე მეტი აღარ დაკარგოს, ის მაინც იმედით გეუბნება, რომ „შენ მატყუებ, არ მჯერა შენი, შენ არ იცი, იქ ეს მოხდება, იქ ბრილიანტის საათია გამოყოფილი პრიზიორისთვის“ და ასე შემდეგ. ანუ, დაზომბირებულები არიან ეს ადამიანები იმ დონეზე, რომ მათი გამოფხიზლება/ცოტა აზრზე მოყვანა არის ძალიან რთული,“ - აცხადებს ალექს სუდაძე.
მისი თქმით, ფინანსური პირამიდების პრობლემა მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, რადგან მსგავსი სქემების ორგანიზება და ადამიანებზე მასობრივი ზემოქმედება გაცილებით იაფი და მარტივი ხდება.
„ეს ქსელური პირამიდების თემა ძალიან აქტუალურია და კიდევ უფრო აქტუალური იქნება, იმიტომ რომ ახლა ტექნოლოგიურად ბევრად წინ წავიდა სამყარო. ხუთი წლის წინ ასეთი ქსელური პირამიდის ასამუშავებლად 100 000 დოლარი იყო საჭირო, იქ ადამიანების დაქირავება გჭირდებოდა, რეკლამის გაშვება და ა.შ. დღეს AI ამ ყველაფერს აკეთებს 5000 დოლარად. 5000 დოლარი და AI გჭირდება, რომ ხალხი მოატყუო,“ - აცხადებს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
ექსპერტის მთავარი რეკომენდაცია კი მათთვის, ვისაც მსგავს სქემაში ჩართვას სთავაზობენ, შემდეგია - არ ენდონ დაპირებას, რომ მცირე თანხა შრომისა და რეალური საქმიანობის გარეშე, მოკლე დროში რამდენჯერმე გაიზრდება.
„არ დაიჯეროთ, რომ 10 ლარი შრომის გარეშე 100 ლარი გახდება. თუ რაღაცის გამკეთებელი ხარ, ის 10 ლარი შენს საქმეს მოახმარე, უფრო კარგი სპეციალისტი გახდი. ადამიანს უნდა, რომ მარტივი გზით იშოვოს ფული, მაგრამ მარტივი გზით ფულის შოვნა ყოველთვის არის თაღლითური სქემა. ყოველთვის!
დააკვირდით, რომ ეს ადამიანები ფულს ხარჯავენ თქვენს „დაგოიმებაში“ - მარკეტინგში, რათა მერე ათჯერ მეტი ამოიღონ. ვინც უკვე შეტოპა, იმის გადარჩენა რთულია, ჰგონიათ, რომ ძალიან მაგარ საზოგადოებაში მოხვდნენ, სინამდვილეში კი მსხვერპლნი არიან,“ - აცხადებს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.



