იმპორტირებული მარწყვი მარკეტში 275%-იანი ფასნამატით იყიდება - რა ღირს ქართული წარმოების

მარწყვი

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი, გასულ წელს იმპორტზე შემოვიდა 156 ათასი დოლარის 577 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის ღირებულების 43 ტონა მარწყვი, მაშინ როცა გასული წლის მაჩვენებელი 93 ტონა იყო (123 ათასი დოლარი). ეს ნიშნავს იმას, რომ წელს მარწყვის ექსპორტი 56%-ით შემცირდა.

მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს მარწყვის საიმპორტო ფასი 1,5 დოლარი (კურსით 4 ლარი) იყო, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის საექსპორტო ფასი 1.3 დოლარი (კურსით 3.5 ლარი) იყო. 

სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული მარწყვის ფასი 15 ლარიდან იწყება, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის ფასი 25 ლარიდან. ბაზრებზე კი 1 კგ ქართული წარმოების მარწყვის ფასი 6,5 ლარიდან, ხოლო იმპორტირებულის 6 ლარიდან იწყება.

მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი ფასნამატით, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება.