ჯანმოს პროგნოზით, მომდევნო პანდემიის მიზეზი ადამიანების ფსიქიკური პრობლემები იქნება

ფსიქიკური პრობლემები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო, ახალგაზრდები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, რამაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა. შედეგად, გამოვლინდა, რომ მათში შფოთვები გაძლიერდა, მათ ჩვეულებრივზე დიდხანს სძინავთ და აქვთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური პრობლემა. 

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთში მყოფმა კლიუგემ ასევე განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად დადგა მედპერსონალის „გადაწვის“ საშიშროებაც.

პანდემიით გამოწველ საფრთხეებს შორის კლუგემ ასევე დაასახელა გეგმური სამედიცინო მომსახურებების და ბავშვების ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა. შედეგად, რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთში ნაწილებში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება.

ამასთან, ჯანმოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიის გაკვეთილების გათვალისწინება მსოფლიოს მომდევნო პანდემიების დროს გამოადგება. კერძოდ, ეს ეხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაძლიერებას, რასაც მიზნად ისახავს 149 ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „ეპიდემიის შეთანხმების“ მიღწევის მიზნით. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უახლოეს პერიოდში უნდა მოეწეროს.

„საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა პანდემია, არამედ - თუ როდის მოხდება ეს“, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მომდევნო პანდემიად ვაფასებ. მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც ასევე გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რაც ჩვენი სამსახურებიდან ვიცით, ახალგაზრდა ადამიანებში გაიზარდა შფოთვა და ძილის პრობლემები,“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირში ყოველი მეექვსე ადამიანი სტრესს, შფოთვასა და ძილის პრობლემებს განიცდის, ზოგიერთ ქვეყანაში კი პატარა ბავშვები დღეში 6 საათს ატარებს ეკრანთან.
ჰანს კლუგეს განცხადებით, ამას ემატება ის, რომ ახალგაზრდები შფოთავენ კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გამო.

„არსებობს მუდმივი კრიზისი და ეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ კარგი ფიზიკური, არამედ ძალიან ძლიერი ფსიქიკური მდგომარეობა“, - განაცხადა მან.

წყარო: jandacva.ge