კურსების სტიქიით დაზარალებულებს მთავრობამ 639 900 ლარი გამოუყო

კურსები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 639 900 ლარი გამოუყო. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში ტყიბულის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დროებითი განთავსების ხარჯების (სასტუმროს ხარჯი/ბიწის ქირა) ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 639 900 (ექვსას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაასი) ლარი“ - წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს ჩამოწვა. მეწყრული ზონიდან, რომელმაც 58 ჰექტარი მოიცვა, 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 10 საცხოვრებელი კი მთლიანად დაინგრა.