ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

ცხვარი

ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში, ანუ იანვარ-ივნისში საქართველომ 1 042 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაყიდა, საიდანაც $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ცხოველების მოცულობა 1 492 ტონას შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $4 მლნ-ს უდრიდა.

ამრიგად, მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 3.1%-ით შეუმცირდა.

წელს საქართველომ ცოცხალი ცხვარი და თხა 3 ქვეყანაში გაყიდა, რომელთა შორის საუდის არაბეთი ლიდერობდა. ამ ბაზარზე საქართველომ, $2.7 მლნ-ის ღირებულების 623 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაიტანა ექსპორტზე. მომდევნო პოზიციას ქუვეითი იკავებს, სადაც საქართველომ 261 ტონა წვრილფეხა საქონლის გაყიდვით - $680 ათასის შემოსავალი მიიღო, ხოლო აზერბაიჯანში 158 ტონა ცხვარი გავიდა, რაშიც $499 ათასის შემოსავალი მივიღეთ.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს, 6 თვეში საქართველომ $592 ათასის 285 ტონა ცხვარი და თხა შეიძინა. თუმცა გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, ცოცხალი ცხვრისა და თხის იმპორტი არ განგვიხორციელებია.