1745654700
ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების რეიტინგში აშშ პირველ ადგილზეა - როგორია დინამიკა და რატომ?

„ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს მართავენ. ამასთან ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის და IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელ პირებს ხვდება.
სანამ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე სებ-ის წარმომადგენლები საქართველოში კონკრეტული შედეგებით დაბრუნდებიან, BMG-მ საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მმართველ პარტიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი დროებითია, ხოლო დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ვითარება გამოსწორდებოდა, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიულ პარტნიორობაზე განახლება არ ყოფილა.
ოფიციალური წყაროების მიხედვით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება. წლების განმავლობაში ვაჭრობის დინამიკა ავტომობილების იმპორტის ხარჯზე მზარდია, თუმცა პირველ კვარტალში ექსპორტი შემცირდა. ამ პირობებში გაზრდილია აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა, ტურიზმიდან კი შემცირდა.
სავაჭრო ბრუნვა
2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, აშშ საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მან ამ რეიტინგში მეზობელი თურქეთის ადგილი დაიაკავა. ქვეყნებს შორის იმპორტ-ექსპორტი წლის ამ პერიოდში 58.5%-ით გაიზარდა და 669 მილიონ 176 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად სავაჭრო ბრუნვაში აშშ-ს თითქმის 12%-იანი წილი უკავია. ეს მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვაში 97.7% იმპორტზე მოდის. პირველ კვარტალში აშშ-ში შეძენილი საქონლისთვის საქართველოდან 654 მილიონ 366 ათასი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 66.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიან იმპორტში კი აშშ-ს 15.5%-იანი წილი უკავია. გასული წლის ამავე პერიოდში ეს წილი 11.2% იყო.
იმპორტის ნახევარს ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც ქვეყანაში შემოყვანის შემდეგ ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეექსპორტირდება. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჩამონათვალში ისინი კვლავ პირველ ადგილს იკავებენ.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-სთან ვაჭრობის ისტორიული მაქსიმუმი იმპორტის, უფრო კონკრეტულად კი რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილებისა და ნახატებისა და სურათების შემოტანამ განაპირობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტის განმავლობაში ამერიკიდან შემოტანილი საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით ასევე სურათებსა და ნახატებს, რომლის იმპორტი წელს ფაქტობრივად პირველად მოხდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - $352 მლნ, 28 015 ცალი;
- სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - $227.9 მლნ, 5 ტონა;
- ქანდაკებების და სტატუეტების დედნები - $30.6 მლნ, 19 ტონა;
- თხილის და სხვა კაკალი - $6.9 მლნ, 951 ტონა;
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - $3.1 მლნ, 36 ტონა;
რაც შეხება ექსპორტს, წელს საქართველომ აშშ-ში საქონლის გაყიდვით 14.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული. შესაბამისად ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი ქვეყნების რეიტნიგში აშშ არ გვხვდება.
ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული:
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $3.2 მლნ, 2 995 ტონა;
- საფრენი აპარატების ნაწილები - $3.1 მლნ, 12 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1.6 მლნ, 237 ტონა;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $1.2 მლნ, 881 ტონა;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - $538 ათასი, 488 ტონა.
ფულადი გზავნილები
ბოლო წლების განმავლობაში ამერიკიდან მზარდია ფულადი გზავნილების დინამიკაც. 2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქართველოში 149.6 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ამ რეიტინგშიც ამერიკამ 19%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.
წლების მიხედვით I კვარტალში აშშ-დან ფულადი გზავნილების დინამიკა ასეთია:
2025 წლის I კვარტალი - $149.6 მლნ;
2024 წლის I კვარტალი - $125.1 მლნ;
2023 წლის I კვარტალი - $95.3 მლნ;
2022 წლის I კვარტალი - $65 მლნ;
2021 წლის I კვარტალი - $61.3 მლნ;
ტურიზმი
იმპორტისა და ფულადი გზავნილებისგან განსხვავებით ტურიზმში ამერიკიდან ვიზიტები რაოდენობა შემცირებულია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ამერიკიდან 7 558 ვიზიტი შედგა. კლება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.5%-ია. გასულ წელს აშშ-დან 8 169 ვიზიტი შესრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ამერიკიდან ჯამში 51 728 ვიზიტი, ხოლო 2023 წელს 46 735 ვიზიტი შესრულდა.