„გაზს იმდენი რესურსი აქვს, საერთოდ უნდა გაიაფდეს - ტარიფის გაზრდის ლოგიკას ვერ ვხვდები, ვინც მეტს მოიხმარს, არ ნიშნავს, რომ უკეთეს სოციალურ მდგომარეობაშია“ - ენერგეტიკოსი

გაზის ტარიფი

„მეტის მოხმარების გამო ტარიფის გაზრდის ლოგიკას ვერ ვხვდები - გაზს იმდენი რესურსი აქვს, რომ გაძვირების ნაცვლად, საერთოდ უნდა გაიაფდეს“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, წყალსა და გაზზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესება სწორი მიდგომა არ არის, რადგან მეტი რესურსის მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს უკეთესი სოციალური მდგომარეობა აქვს.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სემეკ-ს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.

მიღებული კანონის თანახმად, სემეკ-ი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

„ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. შეიძლება მეტი მოვიხმარო და რატომ უნდა გადავიხადო მეტი?! პირიქით, მაგალითად სავაჭრო სფეროში რაც მეტს ყიდულობ, ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდი. აქ რატომ ხდება პირიქით?

მესმის, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეიძლება გადასახადი შეუმცირო, მაგრამ არ უნდა გაძვირდეს ტარიფი მეტი მოხმარების შემთხვევაში. მათ შევუმციროთ გადასახადი, მაგრამ სხვებს ნუ გაუძვირებთ. ეს აუცილებელი არ არის.

მით უმეტეს, გაზს იმდენი რესურსი აქვს, რომ გაძვირების ნაცვლად, საერთოდ უნდა გაიაფდეს,“ - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

ენერგეტიკოსის განმარტებით, მოხმარების მოცულობის მიხედვით ტარიფის განსაზღვრა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომხმარებელს შესაძლოა მეტი გაზი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე სჭირდებოდეს და არა მისი ფინანსური შესაძლებლობების გამო.

მაგალითად, როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, თუ ადამიანს მემკვიდრეობით დიდი სახლი დარჩა, მას შესაძლოა საცხოვრებლის გასათბობად მეტი გაზის მოხმარება დასჭირდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლისთვის გადასახადის გაზრდა სამართლიანი იქნება.

„ვინც მეტს მოიხმარს, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ უკეთეს სოციალურ მდგომარეობაშია. მაგალითად, მშობლებმა ადამიანს დიდი სახლი დაუტოვეს, რომელსაც გათბობისთვის მეტი გაზი სჭირდება. რატომ უნდა გადაახდევინო ამის გამო ზედმეტი?!

გაზს თავისი ტარიფი აქვს. კიდევ ვამბობ, სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანს შეუმცირე გადასახადი, მაგრამ მას, ვინც მეტს მოიხმარს, ნუ გაუზრდი. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

კითხვაზე, ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირების რა რესურსი არსებობს? - ენერგეტიკოსი ყურადღებას გაზმომარაგების პროცესში შუამავალი კომპანიების არსებობაზე ამახვილებს.

მისი თქმით, საქართველოს საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის მიწოდების პროცესში სამი აზერბაიჯანული შუამავალი კომპანია მონაწილეობს, რომელთა საქმიანობისა და როლის გადახედვამ, მისი შეფასებით, შესაძლოა ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა შექმნას.

„ენერგეტიკაში შუამავალი კომპანიები ხომ ამოიღეს. დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში სამი შუამავალი კომპანიაა (სამი აზერბაიჯანული კომპანია), რომელიც საქართველოს საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის მიწოდების პროცესს განაგებს.

წარმოიდგინეთ, ეს არის შუამავალი რგოლი, რომელსაც დამატებითი ნამატი აქვს. თუ ამ რგოლებსაც ამოვიღებთ, რაც თავად ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიზოგება“, - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, ენერგეტიკოსის თქმით, მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესება დამატებით კითხვებს აჩენს, მათ შორის მოსახლეობის დიდი ნაწილის გამრიცხველიანების არარსებობის გამო [მოსახლეობის ნაწილი სულადობრივ გადასახადზეა].

ამასთან, მისი შეფასებით, თუ წყლისა და გაზის ტარიფის ზრდა წარმოებებზეც აისახება, ეს საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს და დამატებითი ხარჯის გადახდა კვლავ მოსახლეობას მოუწევს.

BPN