21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე

ჯანდაცვა • 1792473300
ვაქცინა

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მისივე თქმით დღეს განთავსდება ინფორმაცია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვაქცინაცია არ შემოიფარგლება თბილისით, მომსახურება გათვალისწინებულია რეგიონებშიც. 
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან. თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. პირველ რიგში, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.

ვაქცინაციის მსურველებმა აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა. სხვა დამატებითი საბუთის წარდგენა ან წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არის.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს