„უანგარო დონაციის წილი 45-50%-მდეა“ - როდიდან აიკრძალება ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის დონაცია

ჯანდაცვა 1773822180
სისხლი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი და მხარი დაუჭირეს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლად შექმნილი ცენტრალური სისხლის დაწესებულება ფუნქციონერების სასტარტო ეტაპზეა და მას არ აქვს ის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ ჰყავს პერსონალის ის ოდენობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის მარაგების მართვას, საჭირო ოდენობის სისხლითა და მისი კომპონენტებით ქვეყნის უზრუნველყოფას, ამიტომ, აუცილებელია, საშუალება მივცეთ, რომ დანარჩენმა დაწესებულებებმა ფუნქციონირება გააგრძელონ“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

„სტაციონარული დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც სისხლის დაწესებულების ფუნქციას ასრულებდნენ, 2026 წლის 1 ივნისამდე მიეცემათ ვადა, რათა სტაციონარულ დაწესებულებას გამოეყონ და დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, აიღონ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ამგვარად განახორციელონ ოპერირება. 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა“, - ვკითხულობთ პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდიდან აიკრძალება ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის დონაცია?

როგორც ირინა წაქაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონის შესაბამისად, 1-ელი აპრილიდან უანგარო დონაციის პრინციპი უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის, რადგან უანგარო დონაციის წილი 45-50%-მდეა, დანარჩენი კი ისევ ფასიანი და ნათესაური დონაციაა.

მისივე თქმით, თუ კანონი 2022 წელს მიღებული ნორმებით ამოქმედდება, მაშინ შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას შეექმნას საფრთხე.

„აქედან გამომდინარე, მთავრობის შეთავაზებაა, დონაციის პრინციპებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად - 2030 წლის 1-ელი აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონშიც, რომელიც ცენტრალური სისხლის დაწესებულების გათავისუფლებას გულისხმობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური ლიცენზიის და სისხლის პლაზმის ექსპორტის ლიცენზიის აღებისგან.

„2030 წლამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულად გადავიდეთ უანგარო დონაციაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.