BINANCE-მა ანგარიშებიდან ბიტკოინის გატანა დროებით შეზღუდა

კრიპტოვალუტა ბიტკოინი

მიმდინარე კვირის დასაწყისში კრიპტობირჟა Binance-მა რამდენიმე საათით პირადი ანგარიშებიდან ბიტკოინის გატანა შეზღუდა.

შეფერხება დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდში მომხმარებლებს Binance-ის პლატფორმის მეშვეობით ბიტკოინის გაგზავნა, მიღება და გატანა არ შეეძლოთ.

კრიპტობირჟის წარმომადგენლობის განმარტებით, შეფერხება ბიტკოინის ტრანზაქციების ტარიფის უეცარი ზრდით იყო განპირობებული. საქმე ისაა, რომ კრიპტოტრანზაქციის შესასრულებლად მომხმარებელს ტრანზაქციის ვალიდატორისთვის, ანუ იგივე მაინერისთვის გასამრჯელოს გადახდა უწევს, რაც ფიქსირებული ტარიფით არ არის განსაზღვრული.

როდესაც ტრეიდინგ აქტივობა იზრდება და ბიტკოინის ქსელზე დატვირთვა იმატებს, მაშინ ტარიფებიც იზრდება, Binance-ზე გატარებული ტრანზაქციები კი არსებულზე შედარებით დაბალი ტარიფებით იყო რეგისტრირებული, რის შესრულებაზეც მაინერებმა ავტომატურად განაცხადეს უარი. გაუტარებელი ტრანზაქციების დაგროვებამ, საბოლოო ჯამში, Binance-ის სისტემის გადატვირთვა გამოიწვია, რის გამოც კრიპტობირჟას ტრანზაქციების დროებით შეზღუდვა მოუწია.

კომპანიის განმარტებით, მსგავსი მოვლენა კრიპტოინდუსტრიაში არაერთხელ მომხდარა და ის საგანგაშო არ არის. ამ ეტაპზე ბირჟა შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული შეზღუდვა უშუალოდ Binance-ის ტრეიდინგ პლატფორმაზე გავრცელდა და არც უშუალოდ ბიტკოინის ბლოკჩეინზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად განაგრძობდა ტრანზაქციების გატარებას.