Credit Suisse გაიყიდა, მას $3.2 მილიარდად შვეიცარიული UBS ყიდულობს

ბანკი კრედტ სუისი

შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა გაკოტრების პირას მყოფი კონკურენტის, Credit Suisse-ის 3.2 მილიარდ დოლარად ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

საფინანსო ორგანიზაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: ევროპის ცენტრალური ბანკი, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და შვეიცარიის ცენტრალური ბანკი, რათა მსხვილმასშტაბიანი გარიგება რაც შეიძლება მარე შემდგარიყო და მსოფლიოს თავიდან აერიდებინა შესაძლო ფინანსური კრიზისი.

გარიგების პირობების თანახმად, Credit Suisse-ის ინვესტორები კომპანიის ყოველი 22.5 აქციის სანაცვლოდ UBS-ის 1 აქციას მიიღებენ. ბანკების შერწყმის შემდეგ კი, UBS-ის აქტივების მოცულობა 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც მას შვეიცარიაში უპირობო მონოპოლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციად აქცევს.

გარდა Credit Suisse-ის პორტფელისა და აქტივებისა, UBS-მა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მხრიდან 108 მილიარდი დოლარის შეღავათიანი სესხიც უნდა მიიღოს, თანხის ნაწილი კი ბანკის რესტრუქტურიზაციას და Credit Suisse-ის ვალდებულებების გადაფარვას უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ პარასკევის მდგომარეობით, Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.5 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაზრო ღირებულებაზე თითქმის ორჯერ უფრო იაფად გაიყიდა. შედარებისთვის, UBS-ის კაპიტალიზაცია 60 მილიარდ დოლარს აღწევს.